ახალი ამბები

ლავროვი: ომის შესახებ ანგარიში ობიექტურია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ ”სავსებით ობიექტურია” ევროკავშირის დაფინანსებული მისიის მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიში აგვისტოს ომის შესახებ.

ლავროვმა, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს, განაცხადა: ”გაკეთდა დასკვნა, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო და რომ რუსეთმა გაეროს წესდების სრული შესაბამისობით უპასუხა”.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღემდე მხოლოდ სამმა ქვეყანამ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ”იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ხანგრძლივი პერიოდითაა,” – იტყობინება ”აფსნიპრესი”.

”აფხაზეთის დამოუკიდებლობა განხილვას არ ექვემდებარება,” – განაცხადა მან. 
 
ამასთან, სერგეი ლავროვმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება მოსკოვსა და სოხუმს შორის შემუშავდეს ზღვაზე ერთობლივი მოქმედების მექანიზმები ქართული ”პროვოკაციებისაგან” დაცვის მიზნით. საქართველოს სანაპირო დაცვამ წელს 4 გემი დააკავა აფხაზეთში უნებართვო ნაოსნობის მოტივით.

”ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ტვირთების გაცილება შესაძლებელი იქნება, რაც უზრუნველყოფს დაცვას მსგავსი პროვოკაციებისაგან,”- იუწყება ”აფსნიპრესი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.

იმავდროულად, ლავროვმა სოხუმში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოაწერა სეპარატისტულ აფხაზეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას.

შეთანხმება, რომელიც 90-დღიან უვიზო რეჟიმს ითვალისწინებს, ოფიციალურად ძალაში მისი რატიფიცირების შემდეგ შევა.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button