
კონსერვატორები გუანტანამოს თემაზე მოლაპარაკებებში ოპოზიციის ჩართვას მოითხოვენ
საქართველოს კონსერვატიული პარტია აცხადებს, რომ გუანტანამოს ტუსაღების მიღებაზე გადაწყვეტილება ოპოზიციის ჩართულობით უნდა იქნას მიღებული და არა ხელისუფლების ”ვიწრო წრეში”.
”საქართველოს, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას, არ აქვს იმ ტიპის ფუფუნება, რომ ჩვენ ასეთი სარისკო გადაწყვეტილებები მივიღოთ,” – განაცხადა კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა 28 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ საქართველო შესაძლებელია აღმოჩნდეს ”ტერორისტული მსოფლიოს დაპირისპირების საგანი”.
კონსერვატიული პარტია მიმართავს ამერიკულ მხარეს, რომ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა ოპოზიციის წარმომადგენლებმაც მიიღონ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გასულ კვირას ნიუ-იორკში შეხვედრა გამართა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგნელთან გუანტანამოს საკითხში დენიელ ფრიდთან. ვაშაძემ ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუანატანამოს თემაზე მოლაპარაკებები საქართველოსთან ”ჯერ-ჯერობით არის თეორიულ დონეზე”.
ამასთან, The Washington Post-ი წერდა აგვისტოში, დენიელ ფრიდის თბილისში ვიზიტის შემდეგ, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებთანაც აშშ-ს ”პოზიტიური მოლაპარაკებები” ჰქონდა გუანტანამოს იმ ტუსაღთა მიღების შესახებ, რომელთა განთავისუფლებასაც აპირებენ.