skip to content
ახალი ამბები

”სახალხო ბანკი” გურგენიძემ და რუმინელმა მილიარდელმა იყიდეს

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ ”სახალხო ბანკის” აქციათა 91% რუმინელ ბიზნეს-პარტნიორთან ერთად 15 მლნ აშშ დოლარად შეიძინა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ მან ”რომპეტროლის” ყოფილ მფლობელთან ერთად, რუმინელ მილიარდელ დინუ პატრიჩიუსთან ერთად ჩამოაყალიბა საინვესტიციო კომპანია Liberty Investments Holding B.V. მისი თქმით, ”სახალხო ბანკის” შესყიდვა ამ კომპანიის მიერ განხორციელებული პირველი ინვესტიციაა.

”სახალხო ბანკს” განვითარების დიდი პოტენციალი აქვს ყოვლისმომცველი ფილიალების ქსელისა და ექსკლუზიური საპენსიო მომსახურების ხარჯზე,”- განაცხადა გურგენიძემ და დასძინა, რომ მისი მიზანია ბანკი საქართველოს ბანკების ხუთეულში შევიდეს. 

”ახლა მისი წილი ბაზარზე არის 3,4%, სავარაუდოდ, შემდეგი სამი წლის მანძილზე ჩვენ ამ ბაზრის წილს გავაორმაგებთ,”- აღნიშნა გურგენიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ ”Liberty”, რომელიც ამჟამად რუმინული საბროკერო კომპანიის Fairwind Securities აქციათა  60%-ის შესყიდვის პროცესშია, აპირებს ისეთ ბაზრებზე გასვლას, მათ შორის აფრიკის კონტინენტზე, ”რომლებიც ძალიან წააგავს საქართველოს ეკონომიკურ-მონეტარული მაჩვენებლებით”.

სახალხო ბანკი 2002 წელს დაარსდა და დღესდღეობით ის სიდიდით მეშვიდეა ქართულ ბანკებს შორის. ბანკს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალების ქსელი გააჩნია და იგი 1,5 მლნ ფიზიკურ პირს უწევს მომსახურეობას.

ლადო გურგენიძე საქართველოს მთავრობას 2007 წლის ბოლოდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის აგვისტოს ომის პერიოდშიც ხელმძღვანელობდა. მანამდე ის ”საქართველოს ბანკის” მმართველი იყო. გურგენიძე ასევე არის "საქართველოს ბანკის" ორ პროცენტზე უფრო ნაკლები წილის მფლობელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button