ახალი ამბები

შალვა რამიშვილი ”იმედზე“ გასართობ შოუს წაიყვანს

შალვა რამიშვილმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ტელეკომპანია ”იმედის“ ეთერში ინტელექტუალურ–გასართობი ტიპის შოუს წარუძღვება.

რამიშვილმა, რომელმაც აგვისტოს ბოლოს დატოვა საპატიმრო ოთხწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, განუცხადა ტელეკომპანია ”კავკასიის“ გადაცემა ”პრესექსპრესს“, რომ მის გადაცემას  სტუდია TBC TV ამზადებს.

რამიშვილის თქმით, გადაცემის წამყვანი მონაწილეს 21 შეკითხვას დაუსვამს და ყველაზე ”გულწრფელი პასუხების“ შემთხვევაში, რომელიც სიცრუის დეტექტორით შემოწმდება, მონაწილე 100 000 ლარს მოიგებს.

რამიშვილმა აღნიშნა, რომ შეკითხვები მის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აუცილებლად გაჩნდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გადაცემა ”იმედზე“ გავა.

მისი თქმით, მას სამი არჩევანი ქონდა: ან უნდა წასულიყო პოლიტიკაში – ”ნებისმიერი პარტია ტაშფანდურით მიმიღებდა,“ განაცხადა რამიშვილმა; ან დაეწყო უფლებადაცვითი საქმიანობა, ან დაეწყო პროექტი რომელიმე დიდ ტელევიზიაში.

”მე ბოლო ორი ავირჩიე,“- განაცხადა რამიშვილმა და მისი უფლებადაცვითი საქმიანობის მაგალითად, 21 სექტემბერს დეპუტატ გია ცაგარეიშვილთან ერთად ჩატარებული პრესკონფერენცია დაასახელა, რომლის დროსაც მან ყურადღება რუსთავის ციხეში არსებული მდგომარეობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ამ ციხეში 500 პატიმარი საწოლის გარეშეა.

”ამ საკითხზე მე ბოლომდე ვიბრძოლებ,“ – განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში მისი გასართობი გადაცემა უფრო დაეხმარება, ვიდრე პოლიტიკაში წასვლა.

მსგავსი/Related

Back to top button