
ოპოზიცია დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა
დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და გადასცეს ინფორმაცია, რომელიც მათი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ განგრძობად ”პოლიტიკურ რეპრესიებს” ეხება.
ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენელმა რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიპლომატებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია ოპოზიციის დაპატიმრებული აქტივისტების სასამართლო პროცესების შესახებ.
”შემოდგომაზე ველოდებით, რომ უკვე სააპელაციო სასამართლოში იქნება პროცესები. ვთხოვეთ [დიპლომატებს], რომ დაესწრონ ამ პროცესებს იმიტომ, რომ ერთია ჩვენ რას ვუყვებით, ხელისუფლება რას უყვება, მეორეს მხრივ და მეორე არის თავად საკუთარი თვალებით რომ ნახავენ როგორ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები,”- განაცხადა ხიდაშელმა.
მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერის ეკა ბესელიას ინფორმაციით, დღემდე გაათავისუფლეს ”პოლიტიკური ნიშნით” დაკავებული 4 პატიმარი, შეუცვალეს რა მათ წინასწარი პატიმრობა გირაოთი.
”ფიზიკური ზეწოლა, სამართლებრივი ზეწოლა, ფინანსური ზეწოლა და ტერორი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიმართ გრძელდება და ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პიარისთვის იყენებს ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯს ოპოზიციის მხრიდან დიალოგთან და მოლაპარაკებასთან დაკავშირებით და სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ ცდილობს, რომ დაასუსტოს ოპოზიცია,”- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერმა.
კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ ასევე აღნიშნა, რომ ”სამწუხაროდ ხელისუფლებასთან დიალოგის მორიგ მცდელობას მხოლოდ ნეგატიური შედეგი მოჰყვა”.
ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები 12 აგვისტოს შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ, სადაც ალიანსმა საქართველოსთვის პოლიციას, მათი თქმით, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული სხვადასხვა პარტიის წევრის 48-კაციანი სია გადასცა მათი გათავისუფლების მოთხოვნით.