
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე აშშ-ის მიერ მოდერნიზებული გამშვები პუნქტი იხსნება
ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გაიხსნება და ორი ქვეყანა ”შეძლებს აღადგინოს სავაჭრო და ტურისტული კავშირები მომავალში,” განაცხადა აშშ-ის საელჩომ თბილისში.
ეს განცხადება 4 სექტემბერს საქართველოს მთავრობისთვის ყაზბეგის მოდერნიზებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გადაცემამდე გაკეთდა.
სახმელეთო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის 2006 წლის ივლისში რუსეთის მიერ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან ერთად შეწყდა. ორი დანარჩენი სახმელეთო გამშვები პუნქტი თბილისის მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშია განთავსებული. ამ ორ პუნქტს ქართული მხარე უკანონოდ მიიჩნევს და მათი გავლით სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში შესვლა ქართული კანონმდებლობით იკრძალება.
მაისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვმა შეატყობინა თბილისს, რომ მზად არის გახსნას ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი; თუმცა, მას შემდეგ რაიმე წინსვლა ამ მიმართულებით არ შეინიშნება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2.4 მილიონი აშშ დოლარი გამოყო გამშვებ პუნქტზე ახალი სატრანსპორტო ზოლების გასაკეთებლად, სადაც ასევე დამონტაჟდა თანამედროვე საძიებო აპარატურა, ხოლო საქართველოს საპატრულო პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისათვის საოფისე დანიშნულების შენობები და ყაზარმები აშენდა. ასევე დამონტაჟდა რადიაციული ნივთიერების აღმომჩენი უახლესი დეტექტორები. მშენებლობას აშშ-ის ინჟინერთა სამხედრო კორპუსი კურირებდა.
ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მოდერნიზება აშშ-ის მიერ დაფინანსებული საქართველოს საზღვრის უსაფრთხოებისა და კანონგანმტკიცების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამის მიზანია საქართველოს დახმარება მისი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განაცხადა აშშ-ს საელჩომ.
პროგრამის ფარგლებში უკვე დაიხარჯა 5.75 მილიონი აშშ დოლარი სადახლოს, წითელი ხიდის და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მოდერნიზებაზე.
This post is also available in: English Русский