
ოპოზიცია ბესელიას სოლიდარობას უცხადებს
თერთმეტი ოპოზიციური პარტია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს სპეციალურ მიმართვაში მოუწოდებს მიიღონ ზომები, რათა შეწყდეს ”პოლიტპატიმრების” სისხლის სამართლებრივი დევნა, მათ შორის მოძრაობა ერთიანი საქართველოს გენმდივნის ეკა ბესელიას შვილისა და ძმის წინააღმდეგ.
ბესელიას ოჯახის წევრები ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით 19 აგვისტოს დააკავეს, 22 აგვისტოს კი სასამართლომ მის არასრულწლოვან შვილს გირაო, ხოლო ძმას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამ ფაქტის შესახებ ”შეშფოთებას” გამოთქვამენ მიმართვის ავტორი პარტიები: კონსერვატორები; დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო; ალიანსი საქართველოსთვის: რესპუბლიკელები, ახალი მემარჯვენეები, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები; საქართველოს გზა, ხალხის პარტია, ეროვნული ფორუმი, თავისუფლება, ქალთა პარტია და ტრადიციონალისტები. მიმართვას ასევე შეუერთდა ლევან გაჩეჩილაძის მოძრაობა ”დაიცავი საქართველო”.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ ბესელიას ოჯახის წევრების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა გამომძიებლების და პროკურორის მიერ ზეწოლის, ყალბი ამოცნობის და მოწმეთა ცრუ ჩვენების საფუძველზე.
”საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების და პირობის მიუხედავად, კვლავ ჰყავს ათეულობით პოლიტპატიმარი. იგი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე; მათი ოჯახის წევრები პრაქტიკულად პატიმრობაში მძევლად ჰყავთ,”- ნათქვამია მიმართვაში, რომელიც ოპოზიციონერებმა დღეს პრესკონფერენციაზე გააჟღერეს.
თავად ბესელია აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრების სისხლის სამართლებრივი დევნა არის ხელისუფლების პოლიტიკური ანგარიშსწორება მის წინააღმდეგ და იმ გადაწყვეტილების გამო მისი დასჯის მცდელობა, რომ მან მონაწილეობა არ მიიღო შსს-სთან გამართულ მოლაპარაკებებში.
12 აგვისტოს რამოდენიმე ოპოზიციური პარტია შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს ”პოლიტპატიმრების” საკითხზე შეხვდა, ნაწილმა კი ამ პროცესს უნდობლობა გამოუცხადა. ამ შეხვედრაზე ალიანსმა საქართველოსთვის პოლიციას, მათი თქმით, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული სხვადასხვა პარტიის წევრის 48-კაციანი სია გადასცა. დღემდე ამ სიიდან გაათავისუფლეს რესპუბლიკური პარტიის 3 წევრი შეუცვალეს რა მათ წინასწარი პატიმრობა გირაოთი. ოპოზიციის თქმით, საუბარია კიდევ 10-მდე ადამიანის გათავისუფლებაზე.