
პუტინმა მოსკოვში კოკოითი მიიღო
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა დღეს მოსკოვში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი მიიღო.
”ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცება,”- განაცხადა პუტინმა შეხვედრისას, მისი ვებ-გვერდის თანახმად, ”დღეს ჩვენ ხელს მოვაწერთ მთავრობათაშორის შეთანხმებას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თაობაზე, ასევე შეთანხმებას სამართალდაცვით სფეროში – ყველაფერი ეს დამატებითი ინსტრუმენტებია, რომელიც შექმნის შესაძლებლობას არა მხოლოდ ორმხრივი თანამშრომლობისთვის, არამედ იმ ბაზის შესაქმნელად, საიდანაც სამხრეთ ოსეთს შეუძლია თავისი განვითარების სტარტი აიღოს”.
პუტინის თქმით, რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების წლისთავზე, რომელიც ცხინვალსა და სოხუმში 26 აგვისტოს აღინიშნება, ამ რეგიონებში უსაფრთხოების გარანტიები უკვე შექმნილია.
”მინდა კიდევ ერთხელ ნათლად და არაორაზროვნად განვაცხადო: რევანშის არანაირ მცდელობას, ახალი სამხედრო ავანატიურების გამეორებას რეგიონში რუსეთი არ დაუშვებს. ყურადღებით დავაკვირდებით იმას, რაც ხდება და ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ მოვლენებზე,”- აღნიშნა მან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას.
ამასთან, კოკოითმა შეხვედრისას მადლობა გადაუხადა პუტინს და ასევე პრეზიდენტ მედვედევს ოსი ხალხის ”განადგურებისგან დახსნის” გამო. ”რუსეთისთვის ადვილი არ იყო ასეთი რთული, მძიმე გადაწყვეტილების [სეპარატისტების დამოუკიდებლობის ცნობა] მიღება,”- განაცხადა მან.
პუტინი-კოკოითის შეხვედრის შემდეგ ”გაზპრომმა” მიიღო გადაწყვეტილება თბილისის გვერდის ავლით, ცხინვალის რეგიონის პირდაპირ გაზმომარაგებასთან დაკავშირებით, იტყობინება ”ინტერფაქსი”. დღემდე ცხინვალი რუსული გაზით აგარა-ცხინვალის გაზსადენით მარაგდება, თუმცა სავარაუდოდ, სექტემბრიდან უკვე პირდაპირ მიიღებს ბუნებრივ აირს რუსეთიდან.
”ძუარიკაუ-ცხინვალის” გაზსადენი, რომელიც 2006 წლის დეკემბრიდან ჩრდილოეთ ოსეთის გავლით შენდებოდა, დღეს ცხინვალში საზეიმოდ გაიხსნა. გაზსადენის სიგრძე 169 კმ-ია და მისი ყველაზე მაღალი მონაკვეთი კავკასიონის ქედზე, 3 148 მეტრის სიმაღლეზე გადის.