ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთს შეუძლია გაზის ”სატრანზიტო ქვეყანა” გახდეს – პუტინი

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა 26 აგვისტოს განაცხადა რომ ”სამხრეთ ოსეთს ახლა შეუძლია საქართველოსთვის” რუსული გაზის ”სატრანზიტო ქვეყანა გახდეს.”

მან ეს განცხადება სეპარატისტული რეგიონის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან მოსკოვში ერთობლივ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც პუტინმა დარბაზში მყოფ ”გაზპრომის” ხელმძღვანელს ალექსეი მილერს ჩრდილოეთ ოსეთისა და სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელ ახლად აშენებულ გაზსადენზე ჰკითხა. მილერმა მობილური ტელეფონით გადარეკა თავის მოადგილესთან, რომელიც იმ დროს ცხინვალში იმყოფებოდა და უთხრა გაეხსნა ახალი გაზსადენის სარქველები და დაეწყო გაზის მიწოდება.

”გაზპრომის” ცნობით 163 კილომეტრიანი ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენის მშენებლობაზე კომპანიამ 15 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 475 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯა.

”დღეს, როგორც უკვე იხილეთ, ცხინვალთან დამაკავშირებელი გაზსადენი ამოქმედდა,” – განაცხადა პრესკონფერენციაზე პუტინმა, ”ეს [გაზსადენი] რეკორდულად მცირე დროში აშენდა რთულ მთიან რელიეფში. ეს გაზსადენი [სამხრეთ ოსეთის] რესპუბლიკის საქართველოზე [გაზმომარაგების კუთხით] არსებულ დამოკიდებულებას ხსნის. ისიც რუსული გაზი იყო, თუმცა ის [ცხინვალს] საქართველოს ტერიტორიის გავლით მიეწოდებოდა. ახლა კი თავად სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, თუ კი ეს საჭირო გახდება, შეუძლია საქართველოსთვის სატრანზიტო ქვეყანა გახდეს.”

საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ეს გადაწყვეტილება და თავის განცხადებაში აღნიშნა: ”საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს თანხმობის გარეშე, რუსეთისა და მისი კომპანიების საქმიანობა, მათ შორის გაზსადენის მშენებლობა და მისი შემდგომი ექსპლოატაცია, პირდაპირ ლახავს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობას, რომელიც დადასტურებულია და აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ”.

Back to top button