
თბილისი აკრიტიკებს რუსი ლიდერების სამხრეთ ოსურ გეგმებს
ოფიციალური თბილისის თქმით, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი და მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი 26 აგვისტოს ცხინვალში ჩასვლას აპირებენ, როცა სეპარატისტები რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის ცნობის წლისთავის აღნიშვნას გეგმავენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა 24 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსი ოფიციალური პირები აპირებენ გახსნან ახალი დასახლება ქართულ სოფელ თამარაშენის ადგილას, საიდანაც ქართველები ომის დროს გამოდევნეს.
”რასაც რუსეთის მაღალჩინოსნები აკეთებენ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ეს ცინიზმია. კიდევ უფრო მეტი ცინიზმია ის, რომ იქ აპირებდნენ დასახლების გახსნას და მისთვის მოსკოვის სახელის მინიჭებას,”- განაცხადა ნალბანდოვმა.
”ყველაზე მეტად აღნიშნული ქმედებები გვაგონებს იმ სიტუაციას, როდესაც დამპყრობელი პირწმინდად ანადგურებს დასახლებულ პუნქტს, პრაქტიკულად აწყობს იქ ეთნიკურ წმენდას, ხოლო შემდეგ შემოდის, ახმოვანებს გეგმებს დასახლების აშენების შესახებ და აპირებს დაარქვას ამ ახლადაშენებულ კონსტრუქციას ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის სახელი,”- განაგრძო მან, ”ეს დაახლოებით იგივე სიტუაციაა, როდესაც გერმანელმა ნაცისტებმა პირწმინდად დაანგრიეს ისეთი სოფლები, როგორიცაა ორადური, ლიდიცა და ხატინი. წარმოიდგინეთ, რომ ამის შემდეგ რომელიმე ნაცისტს თავში მოსვლოდა აზრი, იმ სოფლების ადგილას თავიდან აეშენებინა დასახლება და მისთვის ბერლინის კვარტლის ან ბერლინის სოფლის სახელი მიენიჭებინა. მსგავსი ქმედებები ნაცისტებსაც კი არ ჩაუდენიათ”.
მშენებლობას აწარმოებს სუ-155, კომპანია, რომელიც, მისივე ვებ-გვერდის ცნობით, უმსხვილეს რუსულ სამშენებლო კომპანიების სამეულში შედის.
დასახლება, რომელიც საცხოვრებელ 160 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს, სულ 3 ათასი მაცხოვრებლისთვის არის გათვლილი. კომპანიის ინფორმაციის მიხედვით, დასახლებაში შედის 9 სამსართულიანი და დაახლოებით 200 ცალი ორსართულიანი სახლი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)