ახალი ამბები

პრეზიდენტი მიესალმა ეროვნულ გამოცდებს

პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ ეროვნულ გამოცდებს, როგორც ”სოციალური სამართლიანობის” მაგალითს საქართველოში.

”აი როცა ამბობენ რა შექმნა ვარდების რევოლუციამ – პოლიცია მარტო? ეს ფასადები? გზები? მე ვფიქრობ, ყველაზე მეტად შექმნა ეს – სოციალური სამართლიანობა და სამართლიანობა საერთოდ, რომ ვისი შვილიც არ უნდა იყო, რა კავშირებიც არ უნდა გქონდეს, თუ შეძლებ შენ თვითონ შეძლებ, თუ რაღაც მიზეზის გამო ვერ შეძლებ, ვერავინ ვერ გიშველის,”- განაცხადა მან დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან მაია მიმინოშვილთან შეხვედრაზე.

მიმინოშვილმა, რომელმაც გამოცდებთან დაკავშირებით პრეზიდენტს ანგარიში ჩააბარა, დაადასტურა, რომ მისი შვილი წელს ჩაიჭრა ეროვნულ გამოცდებში.

”ხომ იძახდნენ, რომ საქართველო ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, საქართველოში ყველა ყველას ნათესავია, ყველა ყველას მეგობარია, ძმაკაცობით კეთდება ყველაფერი და თქვენმა შვილმა ვერ ჩააბარა გამოცდები, როცა ბილეთები გედოთ სახლში,”- უთხრა მას სააკაშვილმა, ”ის რომ საქართველოში ასეთი რამ შესაძლებელია, მართლა დიდი ბედნიერებაა”. 

”ვერც რუსეთში, ვერც უკრაინაში, ვერც ყველა სხვა საბჭოთა რესპუბლიკაში ეს ერთიანი გამოცდები ვერ დამკვიდრდა, რატომ? იმიტომ რომ ან პროფესიონალიზმი არ ეყოთ, რაც მთავარია, არ ეყოთ ნება და პატიოსნება,”- განაგრძო მან.

სააკაშვილის თქმით, განათლება ”მთავარი პრიორიტეტია”.

”ჩვენ ვერ ვაჯობებთ ვერავის რიცხოვნობით, ვერც შეიარაღების რაოდენობით, ვერც ჩვენი მიწების სივრცით, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ, თან ნაწილობრივ ოკუპირებული, ჩვენ ვაჯობებთ ყველას ჩვენი ნიჭიერებით, ჩვენი პროფესიონალიზმით, მაგრამ ამას უნდა ყოველდღიური მუშაობა,”- განაცხადა მან.

Back to top button