ახალი ამბები

სააკაშვილი ეკონომიკის მინისტრის მოხსნაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მიენისტრის ნიკა გილაური მიერ ეკონომიკის განვითარების მინისტრის ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ”პრემიერ-მინისტრს აქვს სრული ავტონომია საკადრო საკითხების გადაწყვეტისას”, როცა ეს ეკონომიკურ გუნდს ეხება.

მისივე თქმით, ლაშა ჟვანია არის ”ჩემი მეგობარი და ის არის ნიჭიერი და სასარგებლო ადამიანი, ის არ არის დასაკარგი კადრი”.

”სამთავრობო გუნდი არ გამოირჩევა ხშირი ცვლილებებით. ეს არის სტაბილური გუნდი, თითქმის აღარ ვაკეთებთ გადანაცვლებებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს საკადრო უძრაობას. მინდა ვთქვა, რომ ლაშა ჟვანია არის ჩემი მეგობარი და ის არის ნიჭიერი და სასარგებლო ადამიანი, ის არ არის დასაკარგი კადრი. მეორეს მხრივ პრემიერ-მინისტრს აქვს სრული ავტონომია საკადრო საკითხების გადაწყვეტისას, როცა საკითხი ეკონომიკას ეხება, აზრთა სხვადასხვაობა სრულიად ბუნებრივია, კამათი მიდის ყველა საკითხზე. რა თქმა უნდა, ჯობია არ მივიდეს იქამდე, რომ ან ერთი უნდა იყოს ან მეორე, მაგრამ როცა ასეთი საკითხია, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს აქვს ავტონომია. სამთავრობო გუნდმა მთლიანობაში აქამდე კარგად გაუძლო მსოფლიო ეკონომიკურ შტორმს, შედარებით ნაკლები დანაკარგებით გამოვიდა ქვეყანა ყველა ამ პრობლემიდან, თუმცა ეს არ არის დასრულებული. ამიტომ, როგორც არასდროს საჭიროა გუნდური, შეთანხმებული მუშაობა და ამ მხრივ საქართველოს მთავრობას, რა თქმა უნდა, აქვს ჩემი და საზოგადოების უმეტესი ნაწილის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა,”- განუცხადა ჟურნალისტებს სააკაშვილმა.

”მე დღეს შევხვდი ნიკა გილაურს, ამ დღეებში ასევე შევხვდები ჟვანიასაც. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ საკუთარი ადგილი სხვადასხვაგან, რათა გამოვადგეთ ჩვენს ქვეყანას. ვფიქრობ, რომ სექტემბრიდან ბევრად უფრო დიდი მუშაობა იქნება. შეუძლებელია სულ ვიყო მთავრობის კმაყოფილი, რა თქმა უნდა, ხარვეზები არის და ამაზე პრემიერ-მინისტრმა ღიად ისაუბრა. რა თქმა უნდა, პრობლემებს სჭირდება რეაგირება. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ დასაკარგი კადრები ნამდვილად არ გვყავს და ყველა ადამიანს სჭირდება განსაკუთრებული გაფრთხილება, დაფასება და როცა საქმეს აკეთებს, მადლიერების გამოხატვა, ხოლო როცა პრობლემებია, ამ პრობლემებზეც ხმამაღლა საუბარი,”- აღნიშნა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button