ახალი ამბები

ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტს გაანთავისუფლებენ

(ტექსტი ჩასწორებულია 19 აგვისტოს პირველად გამოყვეყნების შემდეგ )

ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტს გაანთავისუფლებენ პატიმრობიდან მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ გაიმართა შეხვედრა შს მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს შორის.

ზურაბ აბაშიძემ, ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა ალიანსი საქართველოდან განუცხადა Civil.ge-ს, რომ დაახლოებით, 10 აქტივისტს, მათ შორის ახალი მემარჯვენეების და რესპუბლიკური პარტიებიდან წინასწარი პატიმრობის აღმკვეთი ღონისძიება შეეცვლებათ.

12 აგვისტოს შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა შსს-ს გადასცეს მათი დაპატიმრებული თანამებრძოლების სია, რომელთაც ოპოზიციის თქმით, ”გამოგონილი ბრალდებები” ჰქონდათ წაყენებული. ერთ-ერთი ასეთი სია მოიცავდა 48 აქტივისტს სხვადახვა პარტიებიდან, რომელიც ალიანსმა საქართველოსთვის გადასცა სამართალდამცავებს.

”ჩვენ ზომიერად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და არც ვქმნიდით ილუზიას, რომ ყველა ეს ადამიანი დაუყოვნებლივ იქნებოდა განთავისუფლებული,”- განუცხადა მანამდე, 19 აგვისტოსზურაბ აბაშიძემ რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს, ”მაგრამ პროცესი დაიწყო და დადებითად უნდა შევაფასოთ, რადგან გარკვეული ადამიანები უკვე გამოდიან [პატიმრობიდან]; აღმკვეთი ღონისძიება მათ ეცვლებათ სხვა უფრო მსუბუქი ფორმებით.”

შსს-ის ინფორმაციისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით რამოდენიმე ადამიანი უკვე განთავისუფლებულია, თუმცა მათი გვარების ან რაოდენობის დასახელებისგან თავი შეიკავა. 

მან Civil.ge-ს 19 აგვისტოს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა ჯერ არ იგეგმება, სამინისტრო ”აგრძელებს თანამშრომლობას” ოპოზიციასთან რეგულარული კონტაქტების მეშვეობით. ზურაბ აბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ ”კონტაქტები” გრძელდება. უტიაშვილმა ამ თანამშრომლობას ”საქმიანი” უწოდა.

”არავითარი პრობლემა არ იქნება რომ ამგვარი შეხვედრა [მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის] გაიმართოს, თუკი ამის საჭიროება დადგება,”- აღნიშნა მან.

თუმცა ამავე დროს, გასულ კვირას გორის სასამართლომ რესპუბლიკური პარტიის აქტივისტებს დავით გუდაძეს და თამაზ ტლაშაძეს, რომლებიც ”პოლიტიკური პატიმრების” იმ სიაში იყვნენ, რომელიც შსს-ს გადაეცა,  ოთხი და სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა  ხელყუმბარის უკანონო ფლობისა და ტარების; და ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით, შესაბამისად.

უტიაშვილის განმარტებით, ზოგიერთ საქმეში ოპოზიციონერი აქტივისტების ”მძიმე დანაშაული” იკვეთება, რაზეც მან მიანიშნა, რომ ძნელი იქნება ამ შემთხვევებზე ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევა.

კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ მისი პარტიის 5 წევრია დაკავებული და მათი გვარები გადაეცა შსს-ს გასული კვირის შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც თავად კონსერვატორები არ ესწრებოდნენ.

”ჯერ-ჯერობით ჩვენი არცერთი აქტივისტი არ გაუთავისუფლებიათ. ხვალ [20 აგვისტოს] დანიშნულია სასამართლო ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტის საქმეზე და ვნახოთ, რა იქნება,”- განუცხადა კუკავამ Civil.ge-ს 19 აგვისტოს.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ”პოლიტიკური პატიმრების” ჰყავს ქვეყანაში. ”მაგრამ ამ ეტაპზე ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მივაღწიოთ აქტივისტების გათავისუფლებას,”- განაცხადა მან.

Back to top button