skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის განცხადება პუტინის აფხაზეთში ვიზიტზე

ევროკავშირის მოქმედმა თავმჯდომარე ქვეყანამ, შვედეთმა, ორგანიზაციის სახელით 13 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტი ”რეგიონში სტაბილურობისკენ მიმართულ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას ხელს არ უწყობს.”

”ევროკავშირი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში ვიზიტით ჩავიდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წინასწარი თანხმობის გარეშე,” – ნათქვამია განცხადებაში.

”ევროკავშირი განიხილავს ამ ვიზიტს როგორც ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისადმი შეუსაბამოს,” – აღნიშნულია განცხადებაში, ”ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას.”

პუტინი სეპარატისტულ რეგიონს 12 აგვისტოს სტუმრობდა, ერთი თვის წინ კი ანალოგიური ვიზიტით ცხინვალის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ჩავიდა. 

ახლანდელის მსგავსი განცხადება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ შვედეთმა ერთი თვის წინაც გააკეთა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button