
პატრიარქი: ქართველი ერი არ დაუშვებს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ ქართველი ერი არ დაუშვებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და იმედი გამოთქვა, რომ ”რუსეთის ხელისუფლება გამოიჩენს სიბრძნეს და წინდახედულობას და ეს კონფლიქტები მშვიდობიანად დამთავრდება”.
”ჩვენ დიდ პატივს ვცემთ რუსეთს, რუს ხალხს. ჩვენ დიდად ვაფასებთ მათ კულტურას, სულიერებას, მაგრამ მე მინდა ვუთხრა მათ, რომ ჩვენ არ დაუშვებთ იმას, რომ დარღვეული იყოს ტერიტორიული მთლიანობა საქართველოსი, ჩვენ ამაში ერთსულოვნები ვართ”, – განაცხადა დღეს საქართველოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ, ქადაგებაზე.
პატრიარქმა ასევე ”გააფრთხილა” აფხაზები და ოსები, რომ ”საქართველოს გარეშე თუ დარჩებიან, შეიძლება დადგეს ისეთი დრო, მოვიდეს ისეთი დრო , რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი იყოს და იქ არ იყვნენ აფხაზები და ოსები”.
პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ამჟამად არსებული დაძაბული ურთიერთობა გამოსწორდება.