ახალი ამბები

თბილისის განცხადებით, რუსეთი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას ცდილობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ”რუსი ოკუპანტები ჩავიდნენ” გორის რაიონის სოფელ ქვეშში 2 აგვისტოს და ”ე.წ. „საზღვრის” გადმოწევის მიზნით ქართული სოფლის ტერიტორია ბოძებით მონიშნეს”.

სოფელი ქვეში ცხინვალიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით რუსმა სამხედროებმა მცირე ზომის რკინის ბოძებით მონიშნეს ტერიტორია სოფლის შიგნით, დაახლოებით 500 მეტრის სიღრმეში.

საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტივ ბერდმა განუცხადა Civil.Ge-ს, რომ ადგილზე განთავსებული რუსული ძალების წარმომადგენლებმა განუცხადეს ევროკავშირის დამკვირვებლებს, რომ ისინი არ აპირებენ თავიანთი საგუშაგოების გადაწევას იმ ადგილისკენ, რომელიც ბოძებით მონიშნეს. 

ეს ქმედება ”რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შეღწევის მცდელობას წარმოადგენს,” განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

სამინისტროს განცხადებით, ოკუპანტთა ამ ქმედებას ორი დღით ადრე წინ უძღოდა სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ცხინვალი აპირებს მოითხოვოს ყაზბეგის რაიონის თრუსოს ხეობის „დაბრუნება”. 

თრუსოს ხეობა მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, სეპარატისტული რეგიონის ჩრდილეოთ-აღმოსავლეთით და ადმინისტრაციულად ყაზბეგის რაიონს ეკუთვნის.

”როგორც ჩანს, მარიონეტული რეჟიმი ცხინვალში ახმოვანებს იმ გეგმებს, რომელთა უშუალო განხორციელებასაც რუსი ოკუპანტები ისახავენ მიზნად,” – განაცხადა საგარეო უწყებამ.

მისივე თქმით, ”სრული პასუხისმგებლობა მორიგი პროვოკაციისათვის რუსეთს ეკისრება”. 

”უკიდურესად შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების წლისთავის მოახლოებასთან ერთად რუსული მხარე და მისი მარიონეტული რეჟიმები მიზანმიმართულად ძაბავენ მდგომარეობას და აშკარად გამომწვევად იქცევიან,” – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

”საქართველო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ყურადღებით დააკვირდეს მიმდინარე მოვლენებს და სათანადო შეფასება მისცეს ოკუპანტების მოქმედებებსა და რიტორიკას,” – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button