skip to content
ახალი ამბები

მედვედევი: თბილისთან ურთიერთობები ”ახალ რეალობებზე” დაყრდნობით აღდგება

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ მოსკოვი და თბილისი ოდესმე აღადგენენ ურთიერთობებს იმ ”ახალ რეალობებზე” დაყრდნობით, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ წარმოიშვა.

”დარწმუმებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები აღდგება ახალ საფუძველზე, იმ რეალობების გათვალისწინებით, რომლებიც წარმოიშვა და იმ ტრაგიკული გვერდების გათვალისწინებით, რომლებიც ამ ურთიერთობებმა გაიარეს ბოლო პერიოდში,” – განაცხადა მედვედევმა რუსულ ტელეკომპანია NTV-სთან ინტერვიუში 26 ივლისს.

მისი თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ზიანი მიაყენა რუს და ქართველ ერებს შორის ისტორიულად ახლო ურთიერთობებს.

”სააკაშვილისნაირი რეჟიმები მოდიან და მიდიან, მაგრამ გრძნობები ერებს შორის რჩება,” – განაცხადა მედვედევმა.

მან ასევე აღნიშნა იმავე ინტერვიუში, რომ ნატომ თანდათან გაიგო, რომ ის არ იყო მზად ისეთი სახელმწიფოების მისაღებად, როგორიცაა უკრაინა და საქართველო. უკრაინასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანების იდეა არც თუ ისე პოპულარულია თავად უკრაინის მოქალაქეებს შორის.

ხოლო რაც შეეხება საქართველოს, მან განაცხადა: ”სჭირდება ნატოს ისეთი სახელმწიფო, რომელსაც ამდენი პრობლემები აქვს?”

იმავდროულად, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა 26 ივლისს, რომ ”თუ ერთ დღეს უკრაინა და საქართველო მზად იქნებიან და სურვილიც ექნებათ გაწევრიანდნენ ნატოში, ეს მათზე იქნება დამოკიდებული”.

”ჩვენ ნათლად გვინდა განვაცხადოთ, რომ მაშინ როდესაც ჩვენ გადავტვირთავთ ჩვენ ურთიერთობას, ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ რუსეთს შეუძლია ჰქონდეს 21-ე საუკუნის გავლენის სფერო აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ის დამოკიდებულება და პოლიტიკაა, რომელსაც ჩვენ ვუარყობთ. ჩვენ ასევე ნათლად ვაცხადებთ, რომ ნებისმიერ ერს აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, აქვს უფლება როგორც თავისუფალ, სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ამოირჩიოს, თუ რომელ ალიანსში სურს გაწევრიანება,” – განაცხადა მან NBC-ის ”შეხვერა პრესასთან” ინტერვიუში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button