skip to content
ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებით ათ პოლიტიკოსს დეპუტატის მანდატის აღდგენა შეეძლება

პარლამენტი მომავალი კვირიდან ახალ საკონსტიტუციო ცვლილებაზე იწყებს მუშაობას, რომელიც საშუალებას მისცემს რამოდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკოსს თავიანთი მანდატები დაიბრუნონ პარლამენტში, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.

შარშან ივნისში 12 ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, რასაც, მათი თქმით, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა ადგილი.

ეს 12 პოლიტიკოსია: ლევან გაჩეჩილაძე; კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური; ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი; მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი ეკა ბესელია; ეროვნული ფორუმის ლიდერი გუბაზ სანიკიძე; გიორგი ხაინდრავა; პარტია თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია და ხუთი პოლიტიკოსი ახალი მემარჯვენეებიდან – დავით გამყრელიძე, ფიქრია ჩიხრაძე, დავით საგანელიძე, მამუკა კაციტაძე და ირაკლი იაშვილი.

ათი მათგანი პარტიული სიებით იქნა არჩეული, ხოლო ორი მაჟორიტარული სიებით – დავით გამყრელიძემ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა, დავით საგანელიძემ კი დიდუბეში.

მმართველი პარტიის წარმომადგენელთა თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი მხოლოდ იმ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შეეხებათ, რომელთაც პარტიული სიებით გაიმარჯვეს არჩევნებში. ხოლო ის ორი მაჟორიტარი დეპუტატი, რომელთაც მაჟორიტარულ ოლქებში გაიმარჯვეს, ვერ შეძლებენ მანდატების დაბრუნებას, რადგანაც ამ ოლქებში უკვე ჩატარდა შუალედური არჩევნები და ვაკანტური ადგილები სხვებმა დაიკავეს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციურ პოლიტიკოსებს თავიანთი ადგილების დაკავება ჯერ კიდევ ივნისში შესთავაზა, თუმცა მან ამ შემოთავაზებაზე უარი თქვეს. სააკაშვილმა 20 ივლისს პარლამენტში გამოსვლისას კიდევ ერთხელ წამოაყენა თავისი შემოთავაზება.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button