ახალი ამბები

საგარეო უწყება კარასინის განცხადებას პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 23 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და აქვს სუვერენული უფლება დაიცვას საკუთარი თავი.

განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის საპასუხოდ გაკეთდა, რომელმაც აღიშნა ”იტარ-ტასთან” ინტერვიუში, რომ მოსკოვი ”განაგრძობს სააკაშვილის რეჟიმის გადაიარაღების აღკვეთას და ამის წინააღმდეგ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს”.  

”საქართველო არანაირ საფრთხეს არ უქმნის რომელიმე მეზობელ ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ შეთანხმებათა პირდაპირი დარღვევით, რომელთა მხარესაც ის წარმოადგენს, აგრძელებს საქართველოს მნიშვნელოვანი ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას, საქართველო ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებს, კერძოდ, ძალის გამოუყენებლობის პირობას,” – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევეროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) აქტიურ მონიტორინგს უწევს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რაიონებში და მთელს საქართველოში არსებულ მდგომარეობას.

”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს რეგულარულად განახლებულ ანგარიშებს, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო აგრძელებს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას,” – ნათქვამია განცხადებაში. ”ამის საწინააღმდეგოდ, რუსეთის ფედერაცია კვლავაც უარს აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვებაზე”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button