სააკაშვილი და ბაიდენი ოფიციალურ შეხვედრას მართავენ
ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტის ჯი ბაიდენის ოფიციალური შეხვედრა მიმდინარეობს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 ივლისს საღამოს ამერიკელი სტუმრის საპატივსაცემოდ ოფიციალური სადილი გამართა, რის შემდეგაც სააკაშვილი და ბაიდენი ქართველი შემსრულებლების კონცერტს დაესწრნენ.
მოგვიანებით სააკაშვილი მიესალმა ბაიდენის მიერ ოფიციალურ სადილზე გაკეთებულ განცხადებას.
მან განაცხადა, რომ რუსეთის გეგმები ”დიდი ომი გაეჩაღებინა და თბილისი დაეპყრო ჩაიშალა ბაიდენის ვიზიტის გამო”.
სააკაშვილმა ეს განცხადება ქართველი ფოტოგრაფების გამოფენაზე გააკეთა, რომელიც იპოდრომზე გაიმართა სახელწოდებით ”გახსენი რკინის ფარდა”. ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი ”კედელს” აშენებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფის მიზნით ”ბერლინის კედლის დანგრევიდან 20 წლის შემდეგ”.
”ის, რასაც ახლა ვხედავთ საქართველოში, არის ბრძოლა იმ ნარჩენების, ძველი იდეოლოგიის, ძველი ფსიქოლოგიის წინააღმდეგ. ჩვენ ვართ არსებითად ერი, რომელიც თითქმის მთლიანად განთავისუფლდა საბჭოთა უბედურებისგან,” – განაცხადა მან.
სააკაშვილთან ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება და პარლამენტში გამოვა სიტყვით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)