ახალი ამბები

ბაიდენი თბილისში ჩამოვიდა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს საღამოს უკრაინიდან თბილისში ჩამოვიდა.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს თბილისის აეროპორტში დახვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, საქართველოს ელჩი აშშ-ში ბათუ ქუთელია და აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი.

დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები და გზები, მათ შორის პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ქუჩები უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტილია. პოლიციამ რუსთაველის გამზირის ნაწილიდან იმპროვიზირებული საკნების ნაწილი აიღო. საკნების აღებას ოპოზიციის წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. ცოტა ხნის წინ ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ისინი პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტას გეგმავენ.  

ქართული ტელევიზიები და გაზეთები ვიზიტს ინტენსიურად აშუქებენ. სატელევიზიო სიუჟეტებში ვიცე-პრეზიდენტის პირადი და პოლიტიკური ცხოვრების დეტალებიც შუქდება. ტელეკომპანია ”იმედმა” სტუდიაც კი გახსნა სპეციალურად ვიზიტის გასაშუქებლად.

გაზეთმა ”რეზონანსმა” დღეს პირველ გვერდზე გამოაქვეყნა ქართული მედიის წარმომადგენლების მიმართვა ვიცე-პრეზიდენტისადმი, ხოლოდ გაზეთმა ”24 საათი” სტატია მიუძღვნა ბაიდენის ვიზიტს უკრაინაში, ხოლო ცალკე სტატია თბილისში მის დაგეგმილ ვიზიტს მიეძღვნა.

პოლიტიკოსები როგორც ოპოზიციიდან, ისე მმართველი პარტიიდან მედიისთვის მიცემულ კომენტარებში ხაზს უსვამენ საქართველოსთვის ამ ვიზიტის მნიშვნელობას. მაშინ როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყურადღებას ვიზიტის იმ ასპექტებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხება, ხოლო ოპოზიციური პოლიტიკოსები ამ ვიზიტის კონტექსტში ძირითადად დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილი უმასპინძლებს ოფიციალურ სადილზე, რასაც მოყვება კონცერტი ღია ცის ქვეშ პრეზიდენტის რეზიდენციაში. ხუთშაბათს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ სააკაშვილთან და შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება ალიანსი საქართველოსთვის ლიდერს ირაკლი ალასანიას; დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერს ნინო ბურჯანაძეს; ლევან გაჩეჩილაძეს და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერს გიორგი თარგამაძეს.

პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ, ბაიდენი პარლამენტში გამოვა სიტყვით.    

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button