
ოპოზიციის მიმართვა ბაიდენს – სრული ტექსტი
”ქართველი ხალხის მიმართვა
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის
ჯო ბაიდენისადმი.
დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა. ჩვენ ისევ შევიკრიბეთ თავისუფლების მოედანზე, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველომ ერთგულება დასავლური ფასეულობებისა და დემოკრატიისადმი და ამერიკულ ადმინისტრაციის წარმომადგენელს, ბატონ ჯო ბაიდენს მივესალმოთ.
ჩვენ უკვე 100 დღეზე მეტია მოვითხოვთ ისეთ ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტ ბარაქ ობამას ახალმა ადმინისტრაციამ დაისახა მიზნად და მოუწოდა მთელ მსოფლიოს. საქართველო, შეიძლება ითქვას, დღეს არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ასეთი სიახლე.
დღეს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა მრავალი პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, ქართული საზოგადოება, მთელი თავისი მრავალფეროვნებით და იმავე მოთხოვნით, რა მოთხოვნითაც ჩვენ ამ ადგილას ვიდექით “ვარდების რევოლუციის”, აშშ პრეზიდენტის ვიზიტის და მანამდე სსრკ-ს დანგრევის დროს: “ვიცხოვროთ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში.”
ჩვენ ვართ სწორედ იგივე ხალხი, რომელიც 2003 წელს ვარდების რევოლუციის დროს, ითხოვდა სამართლიანი არჩევნებით არჩეულ ხელისუფლებას და დემოკრატიულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორც ერის გაძლიერების საწინდარს, სამართლიანობას და თავისუფლებას, როგორც ერის განვითარების ერთადერთ გზას.
მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერისა, დღემდე ეს მიზანი არ არის მიღწეული. რადგან სახელმწიფო ინსტიტუტები დღეს ისევ არ დგას ქართველი ერის სამსახურში, რადგან დემოკრატიული ინსტიტუტები – მედია, პარლამენტი, სასამართლო, კერძო ბიზნესი კვლავ კორუფციული და კლანური მმართველი გუნდის მიერ არის უზურპირებული.
ამ წლების მანძილზე, ნაცვლად საზოგადოებრივი ინსტიტუტების განმტკიცებისა, კონკრეტული პიროვნებების უპირობო მხარდაჭერამ, დღეს საქართველო დააბრუნა წარსულის ავტორიტარულ რეალობაში, რაც იქცა დესტაბილიზაციის მთავარ მიზეზად; გააჩინა უფსკრული საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, ქვეყანა დაუცველი გახადა გარეშე მტრის წინააღმდეგ და წარმოქმნილი კრიზისი თითქმის შეუქცევადია. პერსონალური ურთიერთობების გაძლიერებამ პრინციპების ხარჯზე, ამერიკის მიმართ კითხვები დასვა. ამას მოჰყვა მმართველი გუნდის უზომო თვითდაჯერება, გათამამება, რისი ერთ-ერთი და ტრაგიკულ შედეგად აგვისტოს ომი უნდა ჩაითვალოს.
სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის იდეალს და ხალხის მიერ არჩეულ მიზანს უღალატა. ის შეუდგა ავტორიტარიზმის გზას; რეალური დამოუკიდებლობის და ევროანტლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების ახლო პერსპექტივა თავისი ავანტიურისტული ქმედებებით საქართველოს დაუკარგა; ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენის ნაცვლად, მან საქართველო ომში ჩაითრია, რის შედეგადაც დაკარგულ იქნა ახალი ტერიტორიები; თავისუფალი ეკონომიკური განვითარების ნაცვლად, რუსეთს და მის კაპიტალს გადაეცა ქვეყნის მთავარი ეკონომიკური სადავეები; დღითიდღე სუსტდება საქართველოს სახელმწიფოს ძალა და მის მიმართ ნდობა.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და სუვერენობისათვის გაწეული დახმარება უპრეცედენტო და შეუდარებელია.
ბუნებრივად, ახალ ადმინისტრაციისგან საქართველო ელოდება კონკრეტულ ქმედებებს დემოკრატიული ინსტიტუტების აღსადგენად: ჯარის, რომელიც ომის და პოლიტიკურ რეპრესიების შედეგად განადგურების პირას დგას; პოლიციის, რომელიც ულტრა-პოლიტიზირების შედეგად დატერორებულია და ფუნქცია დაკარგული; სასამართლოს, რომელიც პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მმართველი ჯგუფის რეპრესიულ აპარატად იქცა; მედიას, რომელიც დღეს უბრალოდ კვდება; კერძო საკუთრებას, რომელიც სრულიად დაუცველია; თავისუფალ ეკონომიკას და ბიზნესს, რომელიც სახელმწიფო რეკეტის წნეხის ქვეშ იმყოფება.
მოლოდინი თქვენს მიმართ დიდია!
იმედი საქართველოში არ ჩამქრალა!
ბრძოლა რეალურ დემოკრატიისთვის გრძელდება!
ჩვენ განსაკუთრებული იმედით ვუყურებთ თქვენს ჩამობრძანებას საქართველოში, და გვჯერა, რომ თქვენი ადმინისტრაციის ახალი მიდგომა, არის ის, რაც დაგვეხმარება ხალხისთვის თავისუფალი არჩევანის დაბრუნებაში და საბოლოოდ გამოიყვანს ქვეყანას ბნელი წარსულიდან.
გამოვთქვამთ იმედს, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს ხალხის ნებას, რათა აღდგეს საქართველოში დემოკრატიული წყობა, დაინიშნოს ვადამდელი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, განთავისუფლდეს მედია სახელისუფლო ცენზორებისაგან, მიეცეთ უდანაშაულო ადამიანებს თავის დაცვის საშუალება დამოუკიდებელ სასამართლოს ფარგლებში, და ჩვენც შევძლოთ არა ქუჩიდან, არამედ პოლიტიკურ ნორმალურ პროცესებში ჩართვით მივაღწიოთ ჩვენ მიზანს – თავისუფალ არჩევნებს.