ახალი ამბები

რამოდენიმე ოპოზიციური პარტია ბაიდენს აქციით ”მიესალმება”

ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა განაცხადა, რომ 22 ივლისს საღამოს თავისუფლების მოედანზე აქციის ჩატარებას გეგმავს, რათა გამოხატოს ”საქართველოს ერთგულება დასავლური ფასეულობებისა და დემოკრატიისადმი და ამერიკულ ადმინისტრაციის წარმომადგენელს, ბატონ ჯო ბაიდენს მიესალმოს,” რომელიც იმ დღეს აპირებს თბილისში ჩამოსვლას. 

ოპოზიციური პარტიების ერთობლივ მიმართვაში სახელწოდებით ”ქართველი ხალხის მიმართვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისადმი” ნათქვამია: ”საქართველოში ცვლილების დროა” – ეს ის ლოზუნგია, რომლითაც თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება.

აქციის ჩატარების ინიციატორები არიან: კონსერვატიული პარტია; საქართველოს გზა; ხალხის პარტია; დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო; მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის და ლევან გაჩეჩილაძე. აქციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ალიანსი საქართველოსთვის და ეროვნულმა ფორუმმა. ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე ის ოპოზიციური ლიდერები არიან, ვინც შეხვდებიან ბაიდენს ვიზიტის დროს.

”ჩვენ უკვე 100 დღეზე მეტია მოვითხოვთ ისეთ ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტ ბარაქ ობამას ახალმა ადმინისტრაციამ დაისახა მიზნად და მოუწოდა მთელ მსოფლიოს. საქართველო, შეიძლება ითქვას, დღეს არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ასეთი სიახლე,” – ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში.

მიმართვის თანახმად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”ვარდების რევოლუციის იდეალს და ხალხის მიერ არჩეულ მიზანს უღალატა. ის შეუდგა ავტორიტარიზმის გზას … ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენის ნაცვლად, მან საქართველო ომში ჩაითრია, რის შედეგადაც დაკარგულ იქნა ახალი ტერიტორიები”.

”ჩვენ განსაკუთრებული იმედით ვუყურებთ თქვენს ჩამობრძანებას საქართველოში, და გვჯერა, რომ თქვენი ადმინისტრაციის ახალი მიდგომა, არის ის, რაც დაგვეხმარება ხალხისთვის თავისუფალი არჩევანის დაბრუნებაში და საბოლოოდ გამოიყვანს ქვეყანას ბნელი წარსულიდან,” – ნათქვამია მიმართვაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button