skip to content
ახალი ამბები

ალიანსი საქართველოსთვის პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში აშშ-ის ჩართვას ითხოვს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისადმი მომზადებულ ღია წერილში ალიანსი საქართველოსთვის სთხოვს აშშ-ს ხელი შეუწყოს შეთანხმებას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გრძელვადიან დემოკრატიულ რეფორმებზე და ”გარანტორის როლი” შეასრულოს პოტენციურ შეთანხმებებში.

”საქართველოს პრეზიდენტმა ბოლოს და ბოლოს აღიარა გრძელვადიანი დემოკრატიული რეფორმების საჭიროება. ახლა დროა უზრუნველვყოთ, რომ ეს დაპირებები საბოლოო ჯამში განხორციელდება,” – ნათქვამია სამი პარტიისგან შემდგარი ალიანსის ღია წერილში.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს თბილისში ვიზიტის დროს შეხვდება. ბაიდენთან შეხვედრას ასევე გეგმავენ დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე.

”ვადამდელი არჩევნები შესაძლოა სასარგებლო იყოს, თუ ის საშუალებას მისცემს ხალხს თავიანთი უკმაყოფილება დემოკრატიული საშუალებით გამოხატონ. თუმცა, ამ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ ის ყველასთვის თანასწორ პირობებში ჩატარდება. ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებები საარჩევნო პროცესში, საკონსტიტუციო რეფორმები და მნიშვნელოვანი ცვლილებები მედიის კუთხით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს ამ პროცესს,” – განაცხადა ალიანსმა საქართველოსთვის.

ღია წერილში ალიანსი საქართველოსთვის აცხადებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გუშინ გახმოვანებული წინადადებები არ არის საკმარისი ქვეყანაში შესაფერისი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად.    

”იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს რეფორმები სწრაფად განხორციელდეს, აშშ-ის მთავრობას შეუძლია გამოიყენოს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია რეფორმის ვადების დადგენის მიზნით,” – ნათქვამია ღია წერილში. ”ეს ვადები უნდა შეათანხმოს პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ და აშშ-მ პირობა უნდა დადოს, რომ ამ შეთანხმების შესრულების გარანტი იქნება”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button