
გავრცელებული ცნობებით, ყუბანეიშვილმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს
ქართული მედია იტყობინება 15 ივლისს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი თანამდებობის დატოვებას გეგმავს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ განუცხადა Civil.Ge-ს, რომ მას ყუბანეიშვილის განზრახვის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია და რაიმე ოფიციალური განცხადება გადადგომის შესახებ წარმოდგენილი არ ყოფილა.
თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის წყაროების ცნობით, მიღებულია გადაწყვეტილება გენერალური დირექტორის შეცვლის თაობაზე. პროცედურების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის გადადგომის შემთხვევაში, მის ადგილს დროებით დაიკავებს მისი მოადგილე (მოცემულ შემთხვევაში გია ჭანტურია), სანამ ახალი დირექტორი შეირჩევა კონკურსის წესით.
ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება ბოლო დროს განხორციელებული მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება ქართული ტელეკომპანიების ხელმძღვანელ პოსტებზე. გიორგი არველაძე, პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირე და მთავრობის ყოფილი წევრი, მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორი გახდა, რომელიც ტელეკომპანია ”იმედს” და რადიო ”იმედს” აერთიანებს.
15 ივლისს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნინო შუბლაძეს ჟურნალისტი და პროდიუსერი ირმა ნადირაშვილი შეცვლის. შუბლაძე კვლავ წაიყვანს პოლიტიკურ თოქშოუს ”პოზიცია” და ამავე დროს ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მოადგილის მოვალეობებს შეითავსებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)