skip to content
ახალი ამბები

მედვედევი ცხინვალში ვიზიტზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხი ოდესმე მკაცრ განაჩენს გამოუტანს პრეზიდენტ სააკაშვილს შარშან აგვისტოში ცხინვალის რეგიონზე თავდასხმის გამო.

13 ივლისს ცხინვალში ვიზიტის შემდეგ სოჭში რუს მეზღვაურებთან შეხვედრაზე საუბრისას მედვედევმა განაცხადა, რომ ”ახალი სახელმწიფო შეიქმნა ქართული რეჟიმის უხეში აგრესიის შემდეგ”.

”მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, დაეკისრა ამ რეჟიმს, მაგრამ მათთან საქმის გარჩევა ჩვენი საქმე არ არის,” – განაგრძო მან.

”ოდესმე ქართველი ხალხი მკაცრ განაჩენს გამოუტანს სააკაშვილის რეჟიმს და იმათ, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სისხლიან ქმედებებში,” – განაცხადა მედვედევმა.

”ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ ახალგაზრდა სახელმწიფოს დადგეს ფეხზე, გადალახოს სირთულეები, უბრალოდ გადარჩეს იმ ძალიან რთულ პირობებში, რომელიც კავკასიაში არსებობს,” – განაგრძო მედვედევმა. ”შემიძლია გულწრფელად გითხრათ: იქ ძალიან ღარიბულად, ძალიან რთულად ცხოვრობენ. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ყველა მადლობას უხდიდა რუსეთს იმ რთული გადაწყვეტილებების გამო, რომლის მიღებაც შარშან აგვისტოში მოგვიწია. ჩვენ რომ არ მიგვეღო ეს გადაწყვეტილებები, ამ ხალხის ნაწილი ცოცხალიც არ იქნებოდა. ისინი ცრემლიანი თვალებით მადლობას უხდიდნენ რუსეთს… ეს აძლიერებს რუსეთის რეპუტაციას  კავკასიაში და მსოფლიოში”.

”ჩვენ იქ ბაზა გვაქვს,” – განაგრძო მან. ”იქ ნორმალური პირობებია შექმნილი სამსახურისთვის და ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირი სიგნალია მათთვის, ვინც არ ისვენებს და ვისაც თავში პერიოდულად იდიოტური გეგმები მოსდის”. 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button