
ბურჯანაძე საფრანგეთს სტუმრობს
ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით პარიზს სტუმრობს, იუწყება პარტიის პრესცენტრი 10 ივლისს.
ნინო ბურჯანაძე პირისპირ შეხვდა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანს ევროპულ საკითხებში პიერ ლელუშს, კონტინენტალური ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელს რონალდ გალრაკს და სენატორ ალან გურნაკს, რომელიც კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია. მან ასევე შეხვედრები გამართა ბელგიის პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან, ეუთო-ს ვიცე-პრეზიდენტთან სენატორ ანა მარია ლიზინთან.
”შეხვედრებზე ნინო ბურჯანაძემ დეტალურად ისაუბრა საქართველოში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაზე, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტებთან მიმართებაში განხორციელებულ არაადეკვატურ და ძალადობრივ ქმედებებზე – დარბევებზე, უკანონო ბრალდებებით ადამიანების დაპატიმრებებზე, ძალოვნების მხრიდან განხორციელებულ მორალურ და ფიზიკურ ძალადობებზე,”- აცხადებს პარტიის პრესცენტრი, ”მან ამ ფაქტების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალაც გადასცა და სთხოვა, აღნიშნულთან დაკავშირებით ადეკვატური და ობიექტური რეაგირება მოახდინონ”.
"ევროპელი კოლეგები დიდ ინტერესსა და შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ,” – განაცხადა ბურჯანაძემ.
დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ვიზიტს 13 ივლისიდან უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს.