skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: ომი აღარ იქნება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 ივლისს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მოსკოვში გამოხატული ძლიერი მხარდაჭერა საქართველოსთვის არის არაორაზროვანი გზავნილი რუსეთის მიმართ, რაც საომარი მოქმედებების შესაძლო განახლების აღკვეთას დაეხმარა.

”ყველანაირი აგრესიული გეგმა უახლოეს პერსპექტივაში მათი ჩაშლილია და ომი, როგორც მათ წარმოედგინათ ან მათ თავის ოცნებებში და გეგმებში ჰქონდათ, აღარ იქნება,” – განაცხადა სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე 9 ივლისს. 

”დღეს, როგორც არასდროს, მე შემიძლია ვთქვა ძალიან თამამად: ყველანაირი ჩვენი შიშები და მოლოდინები საფრთხის შესახებ არ გამართლდა და ყველანაირი იმედები რევანშის და ახალი სამხედრო კონფრონტაციის განსახორციელებლად აგრესიული ნაწილის ჩვენი მეზობლის მიერ, რომელსაც, რა თქმა უნდა, სჭირდება თბილისის აღება, არ გამართლდა,” – განაცხადა მან. 

მან არსებული სიტუაცია შეადარა იმ ვითარებას, რომელიც გასული წლის აგვისტოს ომამდე არსებობდა და განაცხადა, რომ მაშინ დასავლეთმა ვერ მოახერხა ისეთი არაორაზროვანი გზავნილი გადაეცა რუსეთისთვის, როგორც ეს ახლა მოხდა.

”ფაქტია, რომ რამოდენიმე ჩვენი პარტნიორის უარმა საქართველოსთვის MAP-ი მიენიჭებინათ გასული წლის ბუქარესტის სამიტზე, ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა,” – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ 2008 წლის აპრილში სოჭში გამართულმა აშშ-რუსეთის სამიტმა ასევე ვერ შეძლო ნათელი სიგნალის გაგზავნა მოსკოვისთვის და შედეგად რუსეთმა ორაზროვანი დასკვნები გამოიტანა.  

მისი თქმით, რუსეთის პროვოკაციას აგვისტოს ომამდე არ მოყვა დასავლეთის ადექვატური პასუხი და ”ამან უბიძგა პუტინს საქართველოზე თავდასხმა განეხორციელებინა”. თავის გამოსვლისას პრეზიდენტმა რუსეთის პრემიერ მინისტრი რამოდენიმეჯერ მოიხსენია. 

სააკაშვილის განცხადებით, აგვისტოს ომით რუსეთმა მიიღო გლობალური პრობლემა. 

”ჩვენი პრობლემა ლოკალურიდან, რომელიც ჩვენს გარდა პრინციპში მაინცდამაინც არავისთვის პირველხარისხოვანი არ იყო, იქცა გლობალური პოლიტიკის პრინციპულ საკითხად,”- განაცხადა მან და განაგრძო: ”ამგვარად, რეალურად ჩვენი სოფლების ტრაგედიის ხარჯზე, ჩვენი დაღუპული ადამიანების ხარჯზე და თუნდაც, – რა თქმა უნდა, რამდენიმე ათეული სოფელი ჩვენთვის  მძიმე დანაკარგია – დროებით მათი ოკუპაცია, დამატებით იმისა, რაც მათ ჰქონდათ ოკუპირებული, მაგრამ ამ მცირე ტერიტორიული მონაპოვრების – და რუსეთისთვის ეს იყო მცირე ტერიტორიული მონაპოვრები – ფასად მათ მიიღეს უზარმაზარი საგარეო პოლიტიკური პრობლემა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button