
უსუფაშვილი: ალიანსი საქართველოსთვის შესაძლოა გაფართოვდეს
რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს ალიანსი საქართველოსთვის გაფართოების ”სერიოზული პერსპექტივები”.
ალიანსი საქართველოსთვის შემადგენლობაში რესპუბლიკელებთან ერთად შედიან ახალი მემარჯვენეები და ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდი. ირაკლი ალასანია არის ალიანსის თავმჯდომარე, ხოლო დავით უსუფაშვილი და დავით გამყრელიძე – თანათავმჯდომარეები.
”არსებობს ჩვენი ალიანსის გაფართოების სერიოზული პერსპექტივები; მიმდინარეობს კონსულტაციები სერიოზულ ძალებთან,” – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 8 ივლისს თბილისში რესპუბლიკური პარტიის მე-13 ყრილობაზე გამოსვლისას.
რესპუბლიკური პარტიის წევრებმა და ალიანსი საქართველოსთვის სხვა წარმომადგენლებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ ალიანსის ახალი წევრი შესაძლოა ასევე გახდეს ეროვნული ფორუმი.
რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ”ჩვენ ძალიან ახლოს ვართ გადაწყვეტილებასთან”, რომ გაფართოვდეს ალიანსი ეროვნულ ფორუმთან ახლო თანამშრომლობის გზით. ირაკლი ალასანიას მოკავშირემ, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, როდესაც მას კითხეს შეუერთდება თუ არა ეროვნული ფორუმი ალიანსს: ”მე ამას არ გამოვრიცხავ”.
ეროვნულმა ფორუმმა ასევე დაადასტურა, რომ კონსულტაციებს მართავს ალიანსი საქართველოსთან.
”ჩვენ კონსულტაციები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების რეალური ალტერნატიული ძალა, რომელსაც უნდა გააჩნდეს ერთიანი პროგრამა, უნდა იყოს ძალიან მობილიზებული, ფაქტიურად ერთი ორგანიზმი. კონსულტაციები გვაქვს სხვადასხვა პარტიებთან, მათ შორის ალიანსთან,” – განუცხადა ეროვნული ფორუმის წევრმა ირაკლი მელაშვილმა ”რუსთავი 2”-ს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)