ქრისტიან-დემოკრატები შსს-ს გაყოფას, ”დეპოლიტიზაციას” მოითხოვენ
საპარლამენტო უმცირესობის წამყვანი პარტია ქრისტიან-დემოკრატები შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზაციის ინიციატივით გამოდიან მისგან უშიშროების სტრუქტურების გამოყოფის გზით.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე საუბრისას დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა ქრისტიან-დემოკრატებიდან განაცხადა, რომ უშიშროების სამსახურები პარლამენტს უნდა დაექვემდებარონ და მათი ხელმძღვანელები უნდა იქნენ არჩეული დეპუტატების მიერ 5 წლის ვადით ფრაქციებს შორის შეთანხმების საფუძველზე.
”ეს ხელს შეუწყობს უსაფრთხოების სისტემის უფრო ეფექტურ, უფრო ქმედით მექანიზმად ჩამოყალიბებას,”- განაცხადა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი წარედგინება საკონსტიტუციო კომისიას, რომელიც მუშაობას 3 ივლისს შეუდგა; შემოდგომიდან კი პარლამენტში იქნება ინიცირებული.
მან ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებამ ასევე უნდა მოიცვას დებულება, რომ ”აკრძალულია სამხედრო ძალების, სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სამსახურებისა და პოლიციის უწყებათა შერწყმა ან სხვაგვარი გაერთიანება”.
თუმცა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ შსს-ის დაყოფის ინიციატივა ”არანაირად არ განიხილება”.
2004 წლის დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამინისტრო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი უწყებები იყვნენ, თუმცა სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, ისინი ერთ უწყებაში – შსს-ში გაერთიანდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)