
ოპოზიციას არაფერი არ გამოუვიდა და ვერასოდეს მოვა უმრავლესობაში – სააკაშვილი
ოპოზიციას ბოლო თვეებში არაფერი არ გამოუვიდა და აწი მითუმეტეს ვეღარ მიაღწევს მიზანს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
3 ივლისს ბათუმში მთავრობის სხდომაზე საუბრისას, რომელიც პირდაპირ სატელევიზიო ეთერში თითქმის ერთი საათი გადაიცემოდა, მან ასევე გააკრიტიკა ის ”ვაჟბატონი თუ ქალბატონი” – და მას მხედველობაში ჰყავდა ლევან გაჩეჩილაძე, დავით გამყრელიძე და ნინო ბურჯანაძე, რომლებიც ბერლინსა და კიევში მართავდნენ შეხვედრებს.
”ჩვენ ბოლო დღეებში, ბოლო კვირებში ვართ მოწმე იმისა, როგორ დადიან ზოგიერთი მოღვაწეები, ქართველი ”პოლიტიკოსები” და ემათხოვრებიან საქართველოს მტერს ფულს თავისი პოლიტიკური საქმიანობისთვის,” – განაცხადა მან, ”ეს რომ ასეა, მგონი ეჭვს აღარ იწვევს იმიტომ, რომ თვითონაც აცხადებდნენ ამის შესახებ. მეტი არ ვიცი ადამიანმა რა უნდა ჩაიდინოს ცუდი იმის გარდა, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში ვუყურებთ, რა არის კიდევ ადამიანის უარყოფითად მახასიათებელი თუ არა ის ქმედება. არა მხოლოდ აღარ იმალება, არამედ ღიად ამბობენ – კი. ამას ვაკეთებ მერე რა”.
”ამიტომ მე მინდა ვუთხრა ყველას არაფერიც მაგათ არ გამოუვათ და არ გამოუვიდათ ბოლო თვეებში და არ გამოუვათ აწი მითუმეტეს,”- განაცხადა სააკაშვილმა, ” ისინი ვერასოდეს ვერ იქნებიან უმრავლესობაში, მე ამაში ვარ დარწმუნებული, სადაც არ უნდა შეიკრიბონ მოსკოვში, ბერლინში, ჩემს მშობლიურ კიევში თუ ნებისმიერ სხვა ადგილებში ან თუნდაც თბილისში რომელიმე ადგილზე. ეს არაფერს არ ცვლის, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ჩვენ სვლას და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ”.
დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დაადასტურა, რომ კიევში მართლად შეხვდა უკრაინელ ოლიგარქს ვიქტორ პინჩუკს, რომელიც მისი თქმით, მან სააკაშვილის მეშვეობით გაიცნო. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სამი თვის წინ სააკაშვილი თავად სტუმრობდა პინჩუკს უკრაინაში. თუმცა მან უარყო ბრალდებები, რომ ის დაფინანსების საკითხებზე შეხვდა უკრაინელ ოლიგარქს და იქვე დასძინა, რომ კარგი კონტაქტები აქვს და ვისთანაც სურვილი ექნება, იმას შეხვდება.
ამ შეხვედრამდე ერთი კვირის წინ ლევან გაჩეჩილაძე და ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე ბერლინში შეხვდნენ შს ყოფილ მინისტრს, ამჟამად რუსეთის მოქალაქე კახა თარგამაძეს, რასაც ასევე მოჰყვა ხელისუფლების განცხადებები ოპოზიციის კრემლთან და რუსულ ფულთან კავშირზე. მოგვიანებით, გამყრელიძემ ბურჯანაძის კიევურ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პინჩუკი საქართველოში პოტენციური ინვესტორია.
”როდესაც პირველად შევამჩნიეთ ჩვენი ესა თუ ის ცნობილი მოღვაწე საქართველოს დაპატრონების მსურველ ”ჯაყოსთან”, მაშინ მათი პირველი რეაქცია იყო, რომ ეს ის არ არის, თქვენ რომ გგონიათ და იყო საუბარი იმაზე, რომ ეს არის მონტაჟი, ეს არის პროვოკაცია, გეგონება ეს არის მერაბიშვილის დადგმული, გეგონება საქართველოს სპეცსამსახურები უფრო მძლავრია, ვიდრე როდესმე კგბ, მოსადი და ცენტრალური სადაზვერვო ბიურო იყვნენ ერთად აღებული და მერე უკვე რამდენიმე ხნის შემდეგ მეორედ რომ დავინახეთ, მესამედ, ჯაყო რომ გამოჩნდა ღიად ყველას თვალწინ, მერე თქვეს – აწი შეეგუეთ, აწი ჩვენ დიახაც, რომ ურთიერთობა გვაქვს ჯაყოსთან. ”ჯაყოს” მე კოლექტიურ სახელს ვეძახი, იმიტომ, რომ ზუსტად ახასიათებს იმას, რაც დღეს არის ჩვენთან მიმართებაში ჩვენი მოწინააღმდეგე, რომელმაც გადაწყვიტა დაეპატრონოს ჩვენს სახლ-კარს, რომელმაც გადაწყვიტა შიგნიდან დაიკავოს პოზიციები ჩვენს ოჯახში, ჩვენს სახლში, ჩვენს საქართველოში, რომელმაც უკვე წაგვართვა ჩვენი სახლის ნაწილი და ახლა ცდილობს მთლიანად წაგვართვას დანარჩენიც,”- განაცხადა მან.
”აქ დღისით მზისით შემოგეჭრა ჯაყო ოჯახში ეპატრონება შენს ოჯახს, შენს ქონებას. ყოველ ასეთ ჯაყოზე მსოფლიოში არის რამდენიმე პოლიცია, რომელიც ადრე თუ გვიან, როგორი ღონიერიც არ უნდა იყოს ჯაყო, მას მოუვლის, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონ არ ჩავიწერთ ოჯახში და თვითონ არ ჩავიხუტებთ გულში, თუ თვითონ არ გავუღებთ კარებს ან ჩვენ თვითონ არ შემოვაძვრენთ ფანჯრიდან, როგორც აქტიური მცდელობა ამის ჩვენს ვაჟბატონს თუ ქალბატონს გააჩნია,”- განაცხადა მან.
”პირველად მესმის, რომ შენი ქვეყნის დამანგრეველ, დანგრევის მსურველ მტერს შენ ეძახოდე ინვესტორს და სპონსორს – ეს რაღაც ახალი დასახელებაა მტრის,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”და ამავე დროს სპობდე ყველა ინვესტიციის შანსს მუდმივი ტელეპროპაგანდით და მუდმივი შეშინებით ყველა შესაძლო ინვესტორის. რა ვიცი მე რამდენ ინვესტორთან მქონდა შეხვედრა წინა თვეებში (იმის შემდეგ ეს სიტუაცია შეიცვალა, რა თქმა უნდა), იმდენი მოვარდა რაღაც ჯგუფი ადამიანების, რომ ეს ჩაეშალათ, მაგრამ თურმე ინვესტორები და სპონსორები ესენი არიან, ის ხალხი, ვინც პირდაპირ არიან დაკავშირებული კრემლთან”.
მისი თქმით, იმის გამო, რომ საქართველო ეკონომიკურად დგება ფეხზე, მართლა ხდება დამოუკიდებელი და გაუჩნდა საერთაშორისო პრესტიჟი, ყველა დროის ”კგბ-შნიკი, კორუმპირებული ძველი ელიტის წარმომადგენელი, ყველა დროის ზოგჯერ პატრიოტული ლოზუნგებით შეიარაღებული, მაგრამ რეალურად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ელემენტი ახლა ისტერიულად ერთიანდება, იქნებ ბოლო გაბრძოლება რამე გამოუვიდეს”.
”ეს ჩვენი სიძლიერის ნიშანი უფროა ამ ეტაპზე, ვიდრე სისუსტის. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მცდელობა საქართველოს შიგნით ჩამოშლის, ციხის შიგნიდან გატეხვის, ჩვენი კონსოლიდაციის შერყევის, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის, იმ ხალხის, ვინც ამ ქვეყანაში იღებს გადაწყვეტილებას – არა ის, ვინც ტელევიზორში ყოველდღე ჩანს – მათი გაუცხოების ჩვენი ხალხისგან, ჩვენი საზოგადოებისგან, პოლიტიკური კრიზისის და ეკონომიკური კრიზისის გამოწვევის ყველა მცდელობა ახლა პრაქტიკულად არის განწირული დასამარცხებლად,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ”ფსიქოლოგიური ბარიერი” და ”ყველა სტერეოტიპი” იმასთან დაკავშირებით, რომ ”თავგაცხელებული” ქართველები დაღვრიან სისხლს და ჩაებმევიან სამოქალაქო დაპირისპირებაში და ”ჩვენ [კრემლის] დაკრულზე დაიწყებენ ცეკვას, როგორც ამას აკეთებდნენ ზოგიერთ დროს წარსულ ეპოქებში”, არის უკვე გადალახული, რადგან ეს ”კგბ-ს წინასწარ მომზადებული სქემები და მთელი ეს წინასწარი სტერეოტიპები” დაიმსხვრა.
”ახლა ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო მეტი მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების, ვიდრე ოდესმე გვქონდა, თუნდაც გასული წლის ომის წინ,”- განაცხადა მან, ”მე არ მინახია ამდენი სტატია პოზიტიური საქართველოზე იმ პირობებში, როცა რუსეთი ხარჯავს ასეულობით მილიონს ყოველთვიურად, რომ საქართველოზე დაიწეროს ცუდი სტატია… დაწყებული იქიდან, რომ ჩვენ ვართ სისხლის მსმელები, ომის დამწყებები და დამთავრებული იმით, რომ ჩვენზე უფრო სისხლიანი დიქტატურა მსოფლიოში არ დაიარება. ყოველი 10 სტატიიდან 1 სტატია ასეთი მიდის, დანარჩენ 9 სტატიაში წერია სიმართლე”.
ისაუბრეს რა მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის სტიმულირების ახალ პაკეტზე, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს განვითარების მთავარი ხაზი ახლა გადის ეკონომიკაზე, რომელიც საპროტესტო აქციების მიუხედავად, კრიფავს განვითარების ტემპებს. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკური ვითარება კვლავ რთულია და 9 აპრილის ”გამოცხადებულმა ქრონიკამ” ბანკები და ეკონომიკა იმაზე მეტად აზარალა, ვიდრე აგვისტოს ომმა.
”რატომ ვითარდება ბათუმი ყველაზე კარგად ამ ეტაპზე? იმიტომ, რომ ბათუმში არ დგას არც ერთი საკანი,”- განაცხადა მან, ”უნდა ავირჩიოთ გვინდა საკნების აშენება თუ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების, რომლებიც დაასაქმებს ათასობით ჩვენს მოქალაქეს და ასობით მილიონს შეიტანს ჩვენს ბიუჯეტში. აი ეს არის არჩევანი, რომელიც აქვს ჩვენს საზოგადოებას”.
მთავრობის სხდომა მიმდინარეობდა მშენებლობის ადგილას, ღია ცის ქვეშ, სადაც ფონად მოჩანდა ამწეების და მშენებლობაზე დასაქმებული მუშების მუშაობის პროცესი.
”ჩვენ არა მარტო მიმდინარე ეკონომიკურ საკითხებზე ვმუშაობთ, ჩვენ რეალურად ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველო გადარჩეს, გაძლიერდეს და გამთლიანდეს. და ამის გზა გადის ჩვენ განვითარებაზე და ჩვენ კარგად მუშაობაზე, ჩვენს ეროვნულ კონსოლიდაციაზე გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ხალხი დაინახავს ჩვენი მუშაობის შედეგებს,”- განაცხადა თავისი გამოსვლის დასასრულს პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)