skip to content
ახალი ამბები

ობამას თანაშემწე: აშშ შეინარჩუნებს ახლო კავშირს საქართველოსთან

აშშ ახლო ურთიერთობებს ინარჩუნებს საქართველოსთან და უკრაინასთან და არ აპირებს ივაჭროს რუსეთთან ნატოს გაფართოებასთან ან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებით, განაცხადა 1 ივლისს მაიკლ მაკფოლმა, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტორმა რუსეთის და ევრაზიის საკითხებში.

მისი თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტი საქართველოსა და უკრაინაში, რომელიც პრეზიდენტ ობამას 6-8 ივლისის მოსკოვური ვიზიტიდან ორი კვირის შემდეგ შედგება, არის ”ჩვენი მხარდაჭერის სიგნალი” ამ ორი ქვეყნის მიმართ.

”ჩვენ არანაირად არ ვაპირებთ [რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების] გადატვირთვის [Reset] ხარჯზე მივატოვოთ ჩვენი ძალიან ახლო ურთიერთობა ამ ორ დემოკრატიულ სახელმწიფოსთან – უკრაინასთან და საქართველოსთან,” – განაცხადა მაკფოლმა.

მისი თქმით, ვაშინგტონი კვლავ მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკის პრინციპს.

”ეს პრინციპები ჩამოყალიბდა გაცილებით ადრე, ვიდრე ჩვენი ადმინისტრაცია მოვიდოდა და ჩვენ არ ვაპირებთ მათ უგულებელყოფას,” – განაცხადა მან, ”თუ ქვეყნები შეასრულებენ ამ კრიტერიუმებს, თუ ისინი განახორციელებენ საჭირო რეფორმებს, თუ მათ მოსახლეობას სურს ნატოში გაწევრიანება და ისინი  თავიანთ წვლილს შეიტანენ ალიანსის უსაფრთხოებაში… მაშინ მოლაპარაკებები დაიწყება [გაწევრიანების თაობაზე]. და ეს ეხება საქართველოს და უკრაინას და რეგიონის სხვა ქვეყნებს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button