ახალი ამბები

სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა 1999 წელს არჩევნების გამო პოლიციისთვის გადახდილ მადლობაზე

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს კომენტარი გააკეთა 10 წლის წინ ყოფილი შს მინისტრის კახა თარგამაძის ხელმძღვანელობის დროს საპარლამენტო არჩევნებზე პოლიციის მიერ ”გამოჩენილი გმირობის მაგალითებისთვის” გადახდილ მადლობაზე და აღნიშნა, რომ ”ამაყობს იმ გამოსვლით”.

1999 წელს გაკეთებული მადლობის განცხადება ოპოზიციამ სააკაშვილს ხელისუფლების იმ კამპანიის ფონზე შეახსენა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს ლევან გაჩეჩილაძისა და ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის კახა თარგამაძესთან ბერლინში გამართული შეხვედრის გასაკრიტიკებლად. სააკაშვილის 10 წლის წინანადელი განცხადება სტუდია ”მაესტროზე” ტრიალებს.

”ერთ-ერთი ოპოზიციური არხი ისტერიულად ატრიალებს ჩემი 90-იანი წლების გამოსვლას, სადაც მე მადლობას ვეუბნები საქართველოს პოლიციას, პოლიციელის ოჯახს, რომელიც დაიღუპა, როგორც დიდ კომპრომატს და მე მინდა ვუთხრა ამ ჩვენ ოპონენტებს – მე არა მხოლოდ არ მრცხვენია იმ გამოსვლის, მე ვამაყობ იმ გამოსვლით. იმიტომ, რომ ჩვეულებრივი პოლიციელი, ჩვეულებრივი ჯარისკაცი – ის ემსახურება თავის ქვეყანას ყველა დროში. არ შეიძლება შენ მუდმივად ლანძღავდე პოლიციას, ჯარს, სახელმწიფო ორგანოებს, ბიზნესმენებს თუნდაც, ვინც ქმნის რაღაცას და მოელოდო, რომ მათ შეუყვარდები,” – განაცხადა მან აჭარაში ერთ-ერთ აგრარულ მეურნეობაში სტუმრობისას.

მისი თქმით, ყველა ბიზნესმენი დაინტერესებულია ქვეყანაში ”პოზიტივით” და არცერთ მათგანს არ უნდა არეულობა.

”არცერთ ბიზნესმენს არ სიამოვნებს, როცა ლოზუნგი შენი არის არა ის, რომ მე უკეთესად გავაკეთებ რამეს, უკეთეს პროგრამას შემოგთავაზებთ, უკეთესად  განვვითარდებით, უფრო ჩქარა, უფრო ნაკლები ხელის შეშლით, არამედ რომ ეუბნება ბიზნესმენს, რომ მე დავკეტავ, დავბლოკავ დავამთავრებ  –  3D,”- განაცხადა მან, ”ასე რომ, როცა შენ გაქვს სამი დ-სგან შემდგარი პროგრამა, იქ ფული არ წამოვა. თუ შენ ეუბნები, როგორ განვითარდებიან, იქ ალბათ დაგეხმარებიან”.

მან ასევე მოუწოდა ”რადიკალურ” ოპოზიციას თავი დაანებონ ”დესტრუქციულ ქმედებებს,  იმიტომ, რომ დედაქალაქში ყოველი მე-10 სამუშაო ადგილი დავკარგეთ აი ამ ქუჩების გადაკეტვის და ამის დაპირების შედეგად”.

”საქართველოს ახლა სჭირდება არა ხელის შეშლა,”- განაგრძო მან, ”ყველამ უნდა ვიზრუნოთ, როგორც არ უნდა არ მოგვწონდეს ერთმანეთი, როგორ შევუწყობთ ხელს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ფეხზე დაყენებას”. 
 

Back to top button