ახალი ამბები

დეპუტატები პარტიების დაფინანსების ”მკაცრ” წესებს განიხილავენ

დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს 25 ივნისს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომ მომავალი კვირიდან პარლამენტი დაიწყებს განხილვას, თუ როგორ გახადოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უფრო გამჭირვალე საზღვარგარეთიდან ”უკანონო ფულის” შემოდინების აღკვეთის მიზნით.

დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განხილულ იქნა შეხვედრაზე, არის თუ როგორ უნდა გამკაცრდეს პარტიების დაფინანსების წესი, ”რათა პარტიებს აღარ გაუჩნდეთ იმის ცდუნება, რომ საზღვარგარეთიდან უკანონო ფული მიიღონ”.  

დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკური პარტიებისთვის ”უფრო ლიბერალური გარემოს” შექმნას ქვეყანაში.

”მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი მექანიზმები, რათა გავაკონტროლოთ პოლიტიკური პარტიების მიერ საზღვარგარეთიდან მიღებული თითოეული რუბლი და თითოეული კაპიკი,” – განაცხადა კუბლაშვილმა და რუსული ვალუტის ხსენებით მან აშკარა მინიშნება გააკეთა ხელისუფლების ბრალდებებზე, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია რუსეთიდან ფინანსდება.

მან ასევე დასძინა, რომ დაფინანსების შესახებ ინფორმაცია აბსოლუტურად გამჭირვალე უნდა იყოს.     

”ინფორმაცია თითოეული, ვიმეორებ, რუბლის და კაპიკის გადმორიცხვის შესახებ საზოგადოებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი; წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიებს დაეკისრებათ სანქციები უცხო ქვეყნებიდან მიღებული ფულის გამოყენების გამო,” – განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ ახალი წესების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

”ერთი მხრივ, უნდა იყოს პირობები პარტიებისთვის, რათა მათ მიიღონ დაფინანსება, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა იყოს ანგარიშვალდებულება პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რათა გამჭირვალე გახადონ, თუ როგორ ხარჯავენ ისინი ფულს და ასევე უნდა იყოს მკაცრი მექანიზმი, რაც ხელს შეუშლის ყველას არეულობები გამოიწვიონ ქვეყნის შიგნით საზღვარგარეთიდან,” – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს უკვე აქვს კანონი, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესებს განსაზღვრავს.  

ის უკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსების მიღებას უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან.

კანონი ასევე ითვალისწინებს, რომ პოლიტიკურმა პარტიამ წელიწადში ერთხელ (ბოლო ვადაა ყოველი წლის 1 თებერვალი) უნდა წარმოადგინოს დეკლარაცია აუდიტით და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციით.   

იმავე კანონის თანახმად, ანონიმური წყაროებიდან დაფინანსება არ უნდა აჭარბებდეს 30 000 ათას ლარს წლიურად.

პოლიტიკურ პარტიას შეუძლია მიიღოს მაქსიმუმ 100 000 ლარი ერთი იურიდიული პირისგან წელიწადში და მაქსიმუმ 30 000 ლარი ერთი ფიზიკური პირისგან წელიწადში.

კანონი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსებას პოლიტიკური პარტიებისთვის და ადგენს წესებს, რომლის თანახმადაც პარტიას შეეძლება სახელმწიფო დაფინანსების მიღება.

ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, განაცხადეს, რომ მათ ბოლო ორი თვეა არ მიუღიათ ეს დაფინანსება.

ხელისუფლების ამ ქმედებას, რომ პარტიების დაფინანსებაზე ”მკაცრი კონტროლი” დაამყაროს, წინ უძღოდა ოპოზიციური პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის და ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის შეხვედრა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან კახა თარგამაძესთან ბერლინში.

ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა 25 ივნისს, რომ პარლამენტმა უმჯობესია მთავრობის და პრეზიდენტის ხარჯები გააკონტროლეს. საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა კი აღნიშნა, რომ ხელისუფლების ინიციატივა არის პოლიტიკური პარტიების შეზღუდვის მცდელობა.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button