
ოპოზიციური პოლიტიკოსები ყოფილ შს მინისტრს შეხვდნენ
YouTube-ზე განთავსებულ ვიდეოში დამოუკიდებელი ოპოზიციური პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე და ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე ალიანსი საქართველოდან ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს კახა თარგამაძეს ხვდებიან.
ვიდეომასალა, რომელიც 24 ივნისს ტელეკომპანიებმა ”იმედმა”, ”რუსთავი 2”-მა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც უჩვენეს დაბალი ხარისხისაა, თუმცა მასში გარკვევით ჩანს რამოდენიმე ეპიზოდი შეხვედრისა ლევან გაჩეჩილაძეს, დავით გამყრელიძეს და კახა თარგამაძეს შორის.
ვიდეომასალა YouTube-ზე დადო მომხმარებელმა, რომელიც დარეგისტრირებულია სახელით ”ottolimberg2714”. იგი საიტზე 23 ივნისს დარეგისტრირდა. იმ ტექსტის თანახმად, რომელიც ვიდეოს ახლავს, მასალა ბერლინშია გადაღებული 15 ივნისიდან 18 ივნისამდე.
ერთ დროს გავლენიანი შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე, რომელიც იძულებული გახდა 2001 წელს გადამდგარიყო საპროტესტო აქციების და ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობაში შიდა ბრძოლის ფონზე, ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეა.
პირველი დაუდასტურებელი ინფორმაცია შეხვედრის შესახებ 20 ივნისს გავრცელდა, როდესაც გაზეთმა ”რეზონანსმა” დაწერა, რომ არსებობს ვარაუდები, რომ თარგამაძე გაჩეჩილაძეს შეხვდა ამ უკანასკნელის ევროპაში ვიზიტის დროს.
19 ივნისს დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ კახა თარგამაძე და ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე იმ ქართველებს შორის არიან, რომელთაც ახლო თანამშრომლობა აქვთ კრემლთან ”საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის” მიზნით.
ასევე 19 ივნისს ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომ იგი ევროპაში ბრძოლის გასაგრძელებლად საჭირო ფულის საშოვნელად იმყოფებოდა.
ქართული ტელეკომპანიების მიერ ვიდეომასალის ჩვენების შემდეგ, ლევან გაჩეჩილაძემ და დავით გამყრელიძემ დაადასტურეს, რომ ისინი ნამდვილად შეხვდნენ კახა თარგამაძეს ბერლინში.
”ჩვენ შევხვდით კახა თარგამაძეს ძალიან ბევრ საკითხებზე – გავიგეთ თუ როგორ ფინანსდებოდა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი, ვის რა კონტაქტი აქვს დღეს ხელისუფლებიდან რუსეთში, როგორ არის მცდელობა იმისა, რომ საქართველო უნდა გაიყიდოს და ბევრ ასეთ საკითხებზე,” – განუცხადა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს. ”დაფინანსების საკითხები კახასთან არ განვიხილავს; სხვებთან – მე სხვებსაც შევხვდი იქ, მაგრამ იმათი კადრები ვანო მერაბიშვილს არ ექნება. ამას ვიტყვი როდესაც დამაფინანსებენ… მე თანხას ვიღებ მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესმენებისაგან, იმ ადამიანებისაგან, რომელთაც შეუძლიათ, რომ მე დამეხმარონ პირადად. ქართველებიც არიან და არა ქართველებიც, რუსები არ არიან”.
დავით გამყრელიძემ 24 ივნისს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ”ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია” მიიღო კახა თარგამაძისგან. ”მე სწორედ ბატონ კახა თარგამაძისგან მივიღე ის ინფორმაცია, რომ პუტინის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რათა ეს რეჟიმი შეინარჩუნოს და მკაცრად კრძალავს ქართველი მეწარმეებისთვის, ვინც რუსეთში მოღვაწეობს, ოპოზიციის დაფინანსებას; ასევე საინტერესო ინფორმაცია ხუბუტიაზე, ებრალიძეზე, რკინიგზის გასხვისების პროექტებზე და ა.შ. … დაფინანსებაზე იყო სწორედ ამ კუთხით, რომ რუსეთში მოღვაწე ყველა მეწარმეს აქვს ძალიან მკაცრი გაფრთხილება კრემლიდან, რომ არცერთი კაპიკი არ დაიხარჯოს ოპოზიციისთვის,” – განაცხადა გამყრელიძემ.
”რა ფული? სად მაქვს ფული, რომ ისინი დავაფინანსო?” – განუცხადა კახა თარგამაძემ ”რუსთავი 2”-ს ტელეფონით.
დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან მაშინვე აიტაცეს შეხვედრის თემა, როგორც დასტური მათი ბრალდებებისა, რომ ოპოზიცია ”კრიმინალური რუსული ფულით” ფინანსდება.
”მათ ჰქონდათ ქურდობაზე წასწრებული თაღლითების სახეები, როცა მათ კომენტარს სთხოვდნენ,” – განაცხადა დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა მმართველი პარტიიდან 24 ივნისს. ”ეს არის კრიმინალური რუსული ფული… ეს არის ის კრიმინალური კავშირები, რომლებიც ჩვენ ვლაპარაკობდით”.
”ახლა ყველაფერი ნათელია და გამოჩნდა, თუ ვინ მართავს ჩვენ ოპონენტებს; ეს იგივე ძალაა, რომელიც საქართველოს ბომბავდა რამოდენიმე თვის წინ… ეს არის სახელმწიფო ღალატის ტოლფასი,” – განაცხადა დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა მმართველი პარტიიდან.
დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა 24 ივნისს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია გაჩეჩილაძის და გამყრელიძის შეხვედრების შესახებ ბერლინში. კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ ასევე განაცხადა, რომ იგი არ იყო ინფორმირებული შეხვედრის შესახებ. მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მის პარტიას ”არაფერი აქვს საერთო ისეთ ადამიანებთან, როგორიცაა თარგამაძე”. საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერ შეხვედრა უნდა იყოს საჯარო, ხოლო რესპუბლიკელების წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ასეთი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია. ანალოგიური განცხადება გააკეთა ეროვნული ფორუმის წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ და აღნიშნა, რომ მას რომ სცოდნოდა ასეთი შეხვედრის გეგმები, არ ურჩევდა ლიდერებს მასში მონაწილეობას.