
მმართველი პარტია მიმართავს გაჩეჩილაძეს დაასახელოს დაფინანსების წყაროები
დეპუტატებმა მმართველი ნაციონალური მოძრაობიდან მოუწოდეს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, უპარტიო ლევან გაჩეჩილაძეს ახსნას იმ დაფინანსების წყაროები, რომელსაც იგი უახლოეს ხანებში ელოდება.
გაჩეჩილაძემ 19 ივნისს საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მან იმოგზაურა ევროპაში, რათა მოეძია თანხები მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლის გასაგრძელებლად. მან არ დააკონკრეტა მისი ევროპაში მოგზაურობის დეტალები ან ის, თუ ვის შეხვდა საზღვარგარეთ.
”უცხოეთიდან საქართველოში პოლიტიკური პროცესების დაფინანსება კანონით აკრძალულია და ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, რომ მიდის ქვეყნიდან იმისათვის, რომ ჩამოიტანოს ფული, მინიმუმ ნამდვილად იმის უფლება გვაქვს ვიცოდეთ ’ვინ უკვეთავს მუსიკას’, იმიტომ, რომ ვინ ასრულებს ვხედავთ უკვე, მაგრამ ვინ უკვეთავს მუსიკას – ეს შეკითხვა მართლაც დიდი ხანია დგას, ვისი ფულია, ვინ რიცხავს ამ ფულს, არის ეს დემოკრატიული ფონდები, რომელიც დემოკრატიულ მოძრაობას აფინანსებენ, არის ეს ლეგალური გზა, ისახება თუ არა ეს ფული სადმე, სად მიდის ეს ფული, რას ხმარდება, რა ტიპის საქმიანობას ხმარდება, თუ არის ეს ფული ის ფული, რომლებზეც ჩვენ დიდი ხანია ეჭვი გვაქვს – ოლიგარქიული ფული, რუსული ფული, შავი ფული, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დესტაბილიზაციას ხმარდება,”- განაცხადა 22 ივნისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საუბრისას დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი გაბაშვილმა.
”არა მგონია, რომ ჩვენ უნდა წავუყრუოთ იმას, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ ქვეყანაში შემოდის რაღაცა ფული,”- დასძინა მან.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კანონმდებლობით ცალსახად აკრძალულია უცხო ქვეყნის იურიდიული თუ ფიზიკური პირებისგან შემოწირულობების მიღება.
”ამიტომ პოლიტიკური ლიდერის მხრიდან ასეთი ტიპის განცხადება, ფაქტიურად, კანონდარღვევის აღიარებაა, თუმცა მას შესაძლოა დაფინანსება მიეღო სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებისგან [რასაც კანონი არ კრძალავს],”- განაცხადა მან ბიუროს სხდომაზე საუბრისას.
კანონი შეზღუდვებს აწესებს უცხოური კაპიტალით პარტიების დაფინანსებაზე. ლევან გაჩეჩილაძეს საკუთარი პარტია არ აქვს და არც რომელიმე სხვა პარტიაშია გაერთიანებული.
მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებების საპასუხოდ, ლევან გაჩეჩილაძემ 22 ივნისს საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ ყოველი ცენტი დაიხარჯება გამჭირვალედ და მოხმარდება ქვეყნის ინტერესებს. მისი თქმით, ამ თანხების მისაღებად სპეციალური ფონდი შეიქმნება. მან ასევე განაცხადა, რომ დაახლოებით მილიონ ლარზეა საუბარი.
მაგრამ ახლა, განაცხადა მან, მეტ დეტალებზე არ ისაუბრებს პოტენციური დამფინანსებლების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
”ეს დაიხარჯება თავისუფლებაზე და დემოკრატიულ მოძრაობაზე,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ და კიდევ ერთხელ გაიმეორა ადრე გაკეთებული განცხადება, რომ თუმცა მას ჯერ არ მიუღია ფული, მაგრამ აქვს მყარი დაპირება უცნობი სპონსორებისგან ამ თანხების მიღების თაობაზე.
მან ასევე განაცხადა, რომ ეს დაფინანსება არ მოდის რუსული წყაროებიდან. ”ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ფულის მიღება,”- განაცხადა მან.
მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ბიუროზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მან აღნიშნა: ”მე მივმართავ გიენების ბიუროს – შეწყვიტეთ ეს ცირკი; შეუძლებელია ამ ცირკში სამუდამოდ დარჩენა”.
This post is also available in: English Русский