
ოპოზიცია ”მუხროვანის ამბოხის” საქმეზე დაკავებულებზე საერთაშორისო მეთვალყურეობას მოითხოვს
ოპოზიცია მოითხოვს დაწესდეს საერთაშორისო მონიტორინგი ე.წ. ”მუხროვანის ამბოხის” გამო დაკავებულ 12 პირის საქმეზე, რომელთაც ”საპროცესო გარიგების და გათავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობენ ჩვენების მიცემას, თითქოს ”მუხროვანის ამბოხება“ რუსეთის უშუალო მხარდაჭერით, ბონდო შალიკიანის დაფინანსებით და ოპოზიციური პარტიების აქტიური მონაწილეობით მზადდებოდა”.
”დღეის მდგომარეობით არცერთ საქმეზე გამოძიება დასრულებული არ არის,”- განაცხადა 19 ივნისს კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან, ”არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამბოხებაზე პირდაპირ ან ირიბად მიუთითებდეს (გარდა აღიარებითი ჩვენებებისა, რომელიც წამების და მუქარის ქვეშ იქნა მიცემული) და გრძელდება ბრალდებულებზე ყოველდღიური, სასტიკი, არაადამიანური ზეწოლა”.
15 ივნისს აქციების დარბევის შემდეგ, კუკავას თქმით, გარკვეულწილად მეორდება 7 ნოემბერს და მის შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენები – ”მასობრივი პოლიტიკური დაპატიმრებები და ტერორი ”რუსეთის ჯაშუშების“ დევნის საფარქვეშ”.
ოპოზიცია მოუწოდებს დიპლომატიური კორპუსის და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ ”ამბოხების“ საქმეზე დაპატიმრებულ ყველა პირს; და ასევე შეიქმნას სპეციალური ჯგუფი ოპოზიციის, სამართალდამცავების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომლებიც დააკვირდებიან გამოძიების მსვლელობას.
კუკავას ინფორმაციით, ამბოხის ერთ-ერთ ორგანიზატორად გამოცხადებული კობა ოთანაძე, რომელსაც ბრალი წაუყენეს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მუხლით, არ არის უზრუნველყოფილი სრულფასოვანი დაცვით და მას 16 ივნისს სოდ-ის თანამშრომლებმა ”წინასწარ დაწერილი ტექსტის წაკითხვა აიძულეს და ეს ფაქტი ვიდეო-კამერით გადაიღეს”.
მისივე ინფორმაციით, 16 ივნისს დააპატიმრეს ბონდო შალიკიანის შვილი, ზურაბ შალიკიანი, რომელმაც ”წამების ქვეშ უკვე მისცა ჩვენება, რომ მოახდინა სხვა პირის დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით”.
18 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბონდო შალიკიანი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მხარდამჭერია. შალიკიანი, ყოფილი დეპუტატი და ერთ დროს ოლიგარქი, რომელსაც იმერეთში ჰქონდა ბიზნეს აქტივები, 2004 წელს დააპატიმრეს სახელმწიფო სახსრების მითვისების გამო, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დათანხმდა თავისი ქონების ნაწილი ხელისუფლებისთვის გადაეცა. შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და რუსეთში გაემგზავრა, სადაც ამჟამადაც ცხოვრობს. 18 მაისს გაზეთმა ”კვირის პალიტრამ” გამოაქვეყნა ინტერვიუ შალიკიანთან, რომელშიც ის ამბობს: ”ძალღონეს არ დავიშურებ, რათა მას [სააკაშვილს] პასუხი ვაგებინო ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა”.
5 ივნისს კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა დარწმუნებით განაცხადა, რომ ტარიელ ონიანი, ასევე ბონდო შალიკიანი და ალექსანდრე ებრალიძე აფინანსებენ საქართველოში ”არეულობებს”. ჯერ კიდევ 9 აპრილის საპროტესტო აქციების დაწყებამდე ანალოგიური განცხადება შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმაც გააკეთა.
”სააკაშვილის აღნიშნული განცხადებები დამატებით მიუთითებენ იმ ვერსიაზე, რასაც გამოძიება ქმნის,”- განაცხადა კუკავამ.