
საქართველო ყველაფერს აკეთებს რუსული პროვოკაციის ასაცილებლად – ბოკერია
საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს რაიმე შემდგომი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, განაცხადა 19 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ აშშ-ის ელჩთან ჯონ ტეფტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
”საქართველო გააკეთებს ყველაფერს თავის პარტნიორებთან ერთად, რომ ამ ზაფხულის განმავლობაში მოვლენები საქართველოში იყოს ყურადღების ცენტრში, რათა ჩვენ გვქონდეს მაქსიმალური პოლიტიკური შემაკავებლები რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესიის წინააღმდეგ,”- აღნიშნა მან, ”მაგრამ ამ პროვოკაციების საფრთხის გამო საქართველო არასოდეს არ მოახდენს ლეგიტიმაციას იმ აგრესიის შედეგებისა, რომელიც განხორციელდა წლების წინ, საბოლოოდ კი გასული წლის აგვისტოში”.
მისი თქმით, პროვოკაციის საფრთხის აცილებისთვის ”აბსოლუტური გარანტია არ არის”, მაგრამ ”მნიშვნელოვანი ფაქტორია” ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირება, რომლის დამკვირვებლებიც მართალია ვერ ახერხებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას და მონიტორინგს, თუმცა ”ობიექტურ ინფორმაციას აწვდიან მსოფლიოს” კონფლიქტური ზონების სიახლოვეს არსებული ვითარების შესახებ.
დღესვე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას და კარგი იქნება, თუ რუსეთი ამით ”დაბრუნდება ცივილიზებული სამყაროს წიაღში” და შეცვლის პოლიტიკას საქართველოს მიმართ.
”საქართველო მიიჩნევს, რომ ნატო არის არა საფრთხე, არამედ ნატო არის ბევრად უფრო უსაფრთხო გარემო ნებისმიერი ქვეყნისთვის,” – განაცხადა ბოკერიამ,” სწორედ ამიტომ ჩვენ მივიჩნევთ აბსოლუტურად მიუღებლად იმ კონცეფციას, რომ ნატოს გაფართოება ვინმეს უქმნის საფრთხეს. საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს არ არის საფრთხის მომგვრელი ვინმესთვის, პირიქით ეს არის გაძლიერება უსაფრთხოების და დემოკრატიის მთელ ამ სივრცეში”.