
მთავრობის კანცელარიასთან გზა საკნებისგან გაათავისუფლეს
მთავრობის კანცელარიასთან, ინგოროყვას ქუჩაზე სამანაქანო მოძრაობა მას შემდეგ აღდგა, რაც გზის სავალ ნაწილზე განთავსებული საკნები საპატრულო პოლიციამ ტროტუარებზე გადაიტანა.
ამ პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა, განსხვავებით 15 ივნისს შემთხვევისაგან, როცა საკნები დაარბიეს ოპოზიციის თქმით, ხელისუფლების დავალებით, ხოლო ხელისუფლების განცხადებით, ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ინიციატივით.
დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებს პრეტენზიები არ გამოუხატავს. კონსერვატორების წარმომადგენელმა ბიძინა გუჯაბიძემ განაცხადა, რომ ისინი დღეს საღამოს აპირებდნენ საკნებისგან ინგოროყვას ქუჩის გათავისუფლებას, თუმცა როგორც ჩანს, მისი თქმით, ამ ინფორმაციამ ”გაჟონა” და პატრულმა ამის გაკეთება მათ უბრალოდ ”დაასწრო”, რათა ”ქულები ჩაეწერა”.
ამჟამად საკნებით გზა გადაკეტილი მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ რჩება. საკნებია ასევე განთავსებული პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან.