ახალი ამბები

ეროვნული ფორუმი ოპოზიციას რეგიონებზე ფოკუსირებას მოუწოდებს

ეროვნული ფორუმის ლიდერი კახა შარტავა ოპოზიციურ პარტიებს საპროტესტო მუხტის თბილისიდან რეგიონებში გადატანისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ამგვარი კამპანიის გამართვა საჭიროა იმ ფონზე, როცა ”დღევანდელ ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსეთისთვის ამ [აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის] ტერიტორიების ბოლომდე ჩაბარება”. მან გაეროს უშიშროების საბჭოში მისიის მანდატის არ გაგრძელებას ”სახიფათო” უწოდა.

”რეგიონებში არსებობს მზადყოფნა, მაგრამ იქ არის სერიოზული ტერორი, დაშინება, დაბნევა ადამიანებისა ეს ადამიანები ელოდებიან ჩვენგან დახმარებას,”- განაცხადა მან პრესკონფერენციაზე საუბრისას, ”დღეს თბილისში აკუმულირებული მუხტი უნდა გავიდეს რეგიონებში, რათა ამ ხელისუფლებამ არ წაგვართვას საქართველო და არ მიგვიყვანოს იქამდე, რომ საქართველო წაგვართვას გარეშე მტერმა”.

ეროვნული ფორუმი ერთ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციების ორგანიზატორი სხვა ოპოზიციური პარტიებისგან დამოუკიდებლად რეგიონებში მართავს კამპანიას.

Back to top button