
პატრიარქი გაეროს გენერალურ მდივანს მიმართავს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ღია მიმართვა გაუგზავნა გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებამდე თხოვს გამონახოს ”მეთოდები და საშუალებები მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის”.
”უნდა აღდგეს საქართველოს მთლიანობა, ჩვენ თუ გვიდა იყოს მშვიდობა კავკასიაში,”- განაცხადა პატრიარქმა 12 ივნისს, ”აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი განუყოფელი ნაწილია საქართველოსი. ვფიქრობ, რომ აფხაზეთი უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში და უპირველეს ყოვლისა ეს საჭიროა, თვითონ აფხაზებისთვის და ოსებისთვის”.
პატრიარქის მიმართვაში ნათქვამია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ”ძირძველი ტერიტორიებია”, სადაც კომუნისტებმა გასული საუკუნის 20-იან წლებში უსაფუძვლოდ ჩამოაყალიბეს ავტონომიები, რაც იყო ”საქართველოს დაშინების და საჭირო შემთხვევაში დაშლის მიზნით ჩადებული ერთგვარი ნაღმები, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ამოქმედდა”.
”მივიჩნევთ, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) დამოუკიდებლობის ცნობა უნებლიედ ხდება კომუნისტური რეჟიმის მიერ ძალადობრივად და უკანონოდ შექმნილ ავტონომიებზე გაცილებით უარესი მოვლენა,”- ნათქვამია მიმართვაში, ”ფაქტია ისიც, რომ ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ ყველა ქვეყანაში და თუ საერთაშორისო დონეზე მოხდება მათი სეპარატისტული მოთხოვნების ლეგიტიმაცია, ბუნებრივია, მსოფლიოში მოხდება დაუსრულებელი დაპირისპირებებისა და ომების პროვოცირება, რაც გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიიყვანს ყველას”.
გაეროს უშიშროების საბჭო, რომელსაც პან გი მუნმა უკვე მიმართა მოხსენებით, რეზოლუციას 15 ივნისს მიიღებს- სწორედ ამ დღეს ეწურება ოთხთვიანი მანდატი გაეროს სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს და ასევე ზემო კოდორის ხეობაში არსებული სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებს.