ახალი ამბები

Foreign Policy: ფრიდი ბრაიზას აზერბაიჯანში ელჩობაზე რეკომენდაციას უწევს

გავლენიანი ამერიკული ჟურნალი Foreign Policy იტყობინება, რომ მეთიუ ბრაიზას, რომელიც სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის თანამდებობაზე განაგძობს მუშაობას, რეკომენდაციას უწევენ დაინიშნოს აშშ-ის ელჩად აზერბაიჯანში.

ჟურნალი, რომელიც The Washington Post Company-ის ეკუთვნის, იტყობინება, რომ ელჩის თანამდებობაზე ბრაიზას რეკომენდაცია მისმა ყოფილმა უფროსმა დენიელ ფრიდმა გაუწია, რომელიც ახლა სახელწიფო დეპარტამენტში გუანტანამოს პატიმართა საკითხებს კურირებს. დენიელ ფრიდი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე  ფილიპ გორდონმა შეცვალა.

Foreign Policy-ის ცნობით ბრაიზას ბაქოში ელჩად დანიშვნას აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაახლოებული ზოგიერთი პირი სკეპტიკურად უყურებს, რადგან მიაჩნიათ რომ ეს შესაძლოა არაერთგვაროვანი გზავნილი იყოს მოსკოვისთვის და ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს ობამას ადმინისტრაციის რუსეთთან ურთიერთობების ”გადატვირთვის” (reset) პოლიტიკას. მათი არგუმენტია. რომ ბრაიზა პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერისას ”იმაზე შორს წავიდა, ვიდრე სხვა მისი თანამდებობის პირი გააკეთებდა.”

თუმცა ამ არგუმენტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ მოსკოვმა არ უნდა აღიქვას ბრაიზა, როგორც რუსეთთან ძალიან დაპირისპირებული პირი, რადგან მას საკმაოდ კარგი და მყარი ურთიერთობები აქვს რუს ოფიციალურ პირებთან.  ბრაიზას დანიშვნის მომხრეები, ამავე ცნობის მიხედვით, აცხადებენ, რომ ის მკაფიოდ მოუწოდებდა თბილისს არ გამოეყენებინა ძალა სეპარატისტული რეგიონების წინააღმდეგ. მათივე თქმით, შეცდომა იქნება, თუ მესამე ქვეყანაში ელჩის დანიშვნისას ვაშინგტონი იმის გათვალისწინებას დაიწყებს მოეწონება თუ არა ეს რუსეთს.

Foreign Policy-ის ცნობით ამ საკითხებზე კომენტარის გაკეთებისგან ბრაიზამ და ფრიდმა თავი შეიკავეს.

Back to top button