
სააკაშვილი ოპოზიციაში გადასულ ყოფილ თანამებრძოლებს აფრთხილებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს ქვეყნის ყოფილი მეორე და მესამე პირები ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი, ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იმის გამო, რომ ისინი დღეს ოპოზიციაში არიან, მათ წინააღმდეგ ”საქართველოს სახელმწიფო უკან არ დაიხევს”.
პრეზიდენტმა ეს განცხადება მარტვილში ჩაის ფაბრიკის გახსნისას ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა.
მისი თქმით, მას არ უღალატია მოქმედების სამი პრინციპისთვის: ხალხის და არა ოჯახის ან კლანის სამსახური; არაკორუმპირებულობა და მთავრობა, რომელიც ”მუდმივად მოქმედებაშია და არაფერს არ უშინდება”.
”ახლა ხშირად ამბობენ, რომ რატომ არის, რომ ამდენი თანამებრძოლი სააკაშვილს გაექცა და არის მეორე მხარეს. ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ არც მთლად ამდენი არ არის. იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობის შემადგენლობის 60%-ზე მეტი დარჩა უცვლელი,”- განაცხადა მან, ”მე მინდა მოგცეთ სიტყვა, რომ მე ჩემი პრინციპები არ გამომიცვლია. და ვინც ჩვენ საერთო პრინციპებს უღალატა… ჩვენ ამ ხალხს ულმობლად დავემშვიდობეთ და დავემშვიდობებით ასევე მომავალში”.
მან ისაუბრა თავდაცვის ყოფილ მინისტრზე ირაკლი ოქრუაშვილზე და მის კურუმპირებულობაზე მიანიშნა. ოქრუაშვილი, რომლის მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ოპოზიციური პარტია საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს, საფრანგეთში იმყოფება, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მინიჭებული.
”ერთი მინისტრი, ჩემი ახლო მეგობარი მაშინ გადადგა იმიტომ, რომ ჩვენ უკვე შევამჩნიეთ რომ ხელებზე რაღაცა მიეკრო, აშკარად შეიცვალა საქციელი და გული გახეთქვაზე მქონდა, მაგრამ მანაც შეამჩნია, რომ ჩვენ შევამჩნიეთ და გადადგა. და იფიქრა, რომ თუ ახლა ოპოზიციაში წავალ, ხელს არ დამაკარებენ. ნურას უკაცრავად! როგორი ზიანიც არ უნდა მივიღოთ, პოლიტიკური პრინციპებს არ ვუღალატებთ,”- განაცხადა სააკაშვილმა.
შემდეგ მან პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეზე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერზე ნინო ბურჯანაძეზე განაგრძო საუბარი და განაცხადა, რომ მისი სახით გაიჩინა ”პრობლემა” მას შემდეგ, რაც არ დათანხმდა ”ნათესაური” ნიშნით ბურჯანაძის მიერ შერჩეული კანდიდატების ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში ჩასმას. ბურჯანაძემ შარშან საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლებიდან გამიჯვნის მოტივად სწორედ საარჩევნო სიებზე შეუთანხმებლობა დაასახელა.
”ბურჯანაძე შარშან მოვიდა ჩემთან და მკითხა – მე მყავს ჩემი სია ხალხის, ვინც უნდა იყოს პარლამენტში… საზოგადოებისთვის ძალიან უცნობი ხალხი დაკავშირებული ნათესაური, ოჯახური, მეგობრული კავშირებით,”- განაცხადა სააკაშვილმა და მაგალითისთვის დაასახელა შალვა ოგბაიძე, ბურჯანაძის პარტიის ამჟამინდელი წევრი.
”შალვა ოგბაიძე იყო გაის უფროსი, ყველამ იცოდა, რომ არ იყო წესიერი უფროსი… მე ვუთხარი, ძვირფასო ნინო, როგორ უნდა ავუხსნა მე საზოგადოებას შალვა ოგბაიძე რატომ ბრუნდება ახლა საქართველოს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ჩვენ 40 ათასი ადამიანი გავუშვით პოლიციიდან. რატომ, იმიტომ რომ შენი და შენი რომელიმე ოჯახის წევრის მეგობარია?.. ნუ არა, არა მაშინ ვერ შევთანხმდებით და ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ მე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ ვიღებ და ბუნებრივია, შემდეგ იმ წუთში ეყო სინდისი ეთქვა, რომ არაფერი სხვა განსხვავება არ გვქონდა გარდა იმისა, რომ გვარებზე ვერ შევთანხმდით. მაგრამ ეს იყო პრინციპული განსხვავება… ჩვენ დავრჩით ჩვენ პრინციპებზე – მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე დაკომპლექტება და არავის არ შერჩება სხვა პრინციპებით რამის დაკომპლექტება”.
”და რა თქმა უნდა მე ამით გავიჩინე პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს არის მათი მხრიდან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იმიტომ, რომ ისინი თვლიან, რომ მათ დაუმსახურებლად ჩამოართვეს პრივილეგიები,”- განაცხადა მან.
შემდეგ სააკაშვილმა საუბარი უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, ოპოზიციური მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერზე ზურაბ ნოღაიდელზე განაგრძო, რომელმაც ქვეყნის მესამე თანამდებობა 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ დატოვა.
”მე მინდა ვთქვა, რომ როდესაც მივიღე გადაწყვეტილება ზურაბ ნოღაიდელის თანამდებობიდან გაშვების, მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ შემეპარა ეჭვი იმ მომენტში მის ეფექტურობაში და კეთილსინდისიერებაში,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”და სამწუხაროდ, რაც უფრო დრო გავიდა და ეს იყო ალბათ ჩემი შეცდომა, დროზე ვერ აღმოვაჩინე… მაგრამ როცა აღმოვაჩინე, რომ რაღაც პრობლემებია, გავუშვით”.
”სამწუხაროდ მას აქვს ძალიან ბევრი ფული დღეს. სამწუხაროდ, მე მინდა ვაღიარო, რომ ალბათ ეს ფული არის, მათ შორის ჩემი პრეზიდენტობის დროს გაკეთებული. და სამწუხაროდ, ეს არის ერთ-ერთი მძიმე განცდა, რომელიც მე მაქვს, რომ ჩემ დროს, მაშინ როდესაც თქვენთან ერთად ვცდილობდი ეს ქვეყანა ფეხზე დაგვეყენებინა, ვიღაცისთვის ეს იყო მეორადი ინტერესი და პირველადი ინტერესი იყო ხელის ჩაყოფა თქვენს ჯიბეში და ამ ფულით საკუთარი თავის გამდიდრება იმისათვის, რომ მერე პოლიტიკური პარტიები დაეფინანსებინა და ჩვენ ვეშანტაჟებინეთ,”- განაცხადა სააკაშვილმა.
”მე მინდა იცოდეს მანაც და ყველა დანარჩენმაც – ნურავის ნუ აქვს იმედი, რომ დღეს თუ გუშინ მე მთავრობაში ვიყავი და იქიდან ხელს რაღაცა გამოვაყოლე და დღეს თავის თავს ოპოზიციას ვუწოდებ, ამის გამო, თუ რამე კანონიერი იქნება და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არც პროკურორი ვარ და არც პოლიციელი, თუ კანონი დაადგენს და აღმოაჩენს, რომ ეს ასეა, ნურანაირი ილუზია ნუ გექნებათ, რომ საქართველოს სახელმწიფო უკან დაიხევს. იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვართ არსებობისთვის ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის,”- განაცხადა მან.