skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციურმა პარტიებმა ვალდებულებათა ქარტია მიიღეს

საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს ქარტია, სადაც გაწერილია, თუ რა ვალდებულებებს იღებენ ეს პოლიტილური ძალები ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. 

ქარტია სამი ნაწილისგან შედგება. პირველ 10 პუნქტში ასახულია ვალდებულებების ნუსხა; მომდევნო 10 პუნქტში საქართველოს მთავრობის წარუმატებლობებზეა საუბარი, ხოლო მესამე ნაწილში ოპოზიციური პარტიების ხედვა, სადაც ნათქვამია, რომ ”სამოქალაქო თავისუფლებების აღდგენისა და ქვეყნის წინსვლა-განვითარებისკენ შემობრუნების საუკეთესო გზაა რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები”.

პარტიები ასევე აცხადებენ, რომ ქარტიის პლატფორმის რეალობად გადაქცევა ”მიღწევადია უწყვეტი საზოგადოებრივი პროტესტისა და შემდგომი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზით”. ამასთან ნათქვამია, რომ ”პროტესტი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ შეწყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გადადგება”.

”პრეზიდენტი უნდა გადადგეს დაუყოვნებლივ,”- აცხადებენ პარტიები ქარტიაში, ”ასევე უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, თბილისის მერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მათი საქმიანობა თანამდებობებზე ყოფნის დროს დაექვემდებაროს საქართველოს სახალხო დამცველის ღია გამოძიებას”. 
 
ქარტიას დღეს ხელი 16-მა ოპოზიციურმა პარტიამ და ცალკეულმა ოპოზიციურმა ლიდერებმა მოაწერეს, მათ შორის  ალიანსმა საქართველოსთვის – ირაკლი ალასანიას გუნდმა, რესპუბლიკელებმა და ახალმა მემარჯვენეებმა; დემოკრატიულმა მოძრაობამ – ერთიანი საქართველოსთვის; მოძრაობამ ერთიანი საქართველოსთვის;  კონსერვატორებმა; საქართველოს გზამ;  ქალთა პარტიამ;  ხალხის პარტიამ; მომავლის პარტიამ; მრეწველებმა; ეროვნულმა ფორუმმა;  ლევან გაჩეჩილაძემ; კოკა გუნცაძემ; ვაზის პარტიამ; პოლიტიკურმა მოძრაობამ მამულიშვილი; და რადიკალ-დემოკრატებმა.

ქარტიაზე ხელმოწერის ცერემონიალს, რომელიც უზენაესი სასამართლოს შენობის წინ გაიმართა, არ ესწრებოდნენ, პარტია თავისუფლების და ლეიბორისტების წარმომადგენლები.

”ჩემთვის პირადად არც ერთი ეს ვალდებულება ნამდვილად არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, არამარტო იმიტომ რომ მე ნამდვილად მწამს, თუ ნორმალური ქვეყანა გინდა, დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემაზე უნდა ააგო, არამედ თუნდაც პრაგმატულად, ნებისმიერი მომავალი ლიდერი, რომელიც ამ პრინციპების დარღვევას შეეცდება აუცილებლად ადრე თუ გვიან გაიზიარებს სააკაშვილის ბედს,” – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

”ეს არის ჩვენი ხედვა როგორი იქნება სააკაშვილის შემდგომ საქართველო,” – განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა.

”ჩვენ ვთანხმდებით საქართველოს ახალი კონსტიტუციური მოწყობის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დაცვას, ეროვნულ ტრადიციებსა და კულტურაზე დაფუძნებული ევროპული ტიპის, დემოკრატიული, მდიდარი ქართული სახელმწიფოს აშენებას,” – ნათქვამია ქარტიაში,  რომელზეც მუშაობა ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button