
სააკაშვილი: მესმის ხალხის პროტესტის მოტივაცია
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა თბილისში ანტისახელისუფლებო გამოსვლაზე და განაცხადა, რომ ესმის ”ხალხის პროტესტის მოტივაცია”.
”მე მინდა მივესალმო იმ ხალხსაც, ვინც დღევანდელი დღე გამოიყენა იმისათვის, რომ თავისი პროტესტი და გულისწყრომა გამოეთქვა თბილისის ცენტრში,”- განაცხადა მან, ”იმიტომ, რომ მე მშვენივრად მესმის ამ ხალხის გაჭირვება და მშვენივრად მესმის ამ ხალხის პროტესტის მოტივაციაც”.
”რა თქმა უნდა, შეიძლება არ დავეთანხმო ზოგიერთ პოლიტიკურ ლიდერს, სრულიად მიუღებელი შეიძლება იქნას ზოგიერთის საქციელი, მაგრამ მე ერთი რამ მინდა ყველამ იცოდეს, ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს პოლიტიკურ შეხედულებებში, მაგრამ ჩვენ ყველას ერთნაირად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ყველას, გარდა ღია მოღალატეებისა, ერთნაირად უნდა, რომ საქართველო დადგეს ფეხზე და საქართველო იყოს ერთიანი და წარმატებული”.
მან ეს განცხადება ბათუმში გააკეთა, სადაც დაესწრო სანავიგაციო შენობის ე.წ. ”თავისუფლების ჩირაღდანის” მშენებლობის დაწყების ცერემონიას.
This post is also available in: English Русский