skip to content
ახალი ამბები

გამყრელიძე: 26 მაისს სიურპრიზები იგეგმება

ალიანსი საქართველოდან  ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ”სიურპრიზებს” უმზადებს ხელისუფლებას 26 მაისს.

26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას ”სახალხო აღლუმს” გეგმავს. ზოგიერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა დაგეგმილ აქციას ”ახალი 9 აპრილი” უწოდა.

”26 მაისი სიურპრიზებით იქნება სავსე როგორც საზოგადოებისთვის, ისე, პირველ რიგში, სააკაშვილისთვის,” – განაცხადა გამყრელიძემ 24 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ”პოლიტიკური კვირა” საუბრისას. თუმცა, დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.

კითხვაზე აპირებს, თუ არა ოპოზიცია 26 მაისს ერთიანი ლიდერის დასახელებას გამყრელიძემ უპასუხა: ”ამას არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ; მაგრამ ვფიქრობ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რამეები იქნება 26 მაისს”.

გასულ კვირას საგაზეთო ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები განიხილავენ ერთიანი ლიდერის საკითხს, რომელიც ჩამოყალიბდება, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ყველა პარტია დაუჭერს მხარს.

საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ არ ჰყოლოდათ ერთიანი ლიდერი. დავით გამყრელიძე პირველი იყო, რომელმაც საჯაროდ გააპროტესტა ამგვარი მიდგომა აპრილის ბოლოს მან განაცხადა, რომ ერთიანი ლიდერის არყოლა სულაც არ არის ოპოზიციის უპირატესობა.

ამ ეტაპზე ორმა ოპოზიციურმა ლიდერმა განაცხადა საჯაროდ, რომ პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის ამბიცია გააჩნიათ. ესენი არიანი: ირაკლი ალასანია, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი და ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი.

26 მაისს ოპოზიცია ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გეგმავს აქციის გამართვას, რომელიც 12 საათისთვის დაიწყება და შემდეგ მანიფესტაციით გაგრძელდება რუსთაველის მოედანზე.

ოპოზიციური ლიდერების ნაწილი ამჟამად რეგიონებში ატარებს კამპანიას ”სახალხო აღლუმის” წინ. ამ კამპანიას, რომელიც 20 მაისს დაიწყო, მომღერალი გია გაჩეჩილაძე ხელმძღვანელობს. 24 მაისს იგი გორში იმყოფებოდა, ხოლო 25 მაისს თავის მხარდამჭერებთან ერთად მცხეთაში გეგმავს დაბანაკებას, სანამ 26 მაისს ”სახალხო აღლუმს” მსვლელობით შეუერთდება.
 

This post is also available in: English Русский

Back to top button