ახალი ამბები

აფხაზეთის რკინიგზა და აეროპორტი რუსეთის მართვაში გადავა

სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ რეგიონის რკინიგზა და სოხუმის აეროპორტი რუსეთს მმართველობაში გადაეცემა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსული კონტიგენტის რაოდენობა აფხაზეთში 1 700-მდე შემცირდება, თუმცა ეს ინფორმაცია რუსეთის გენშტაბმა სასწრაფოდ  უარყო, იტყობინება ”ინტერფაქსი”. 

”ეს არ არის გაყიდვა, ეს არის დროებით მართვაში გადაცემა,”- განაცხადა ბაღაფშმა რკინიგზასთან და აეროპორტთან მიმართებაში, რომელთა რუსეთისთვის გადაცემაც 10 წლით იგეგმება.

ეს განცხადება აფხაზეთის ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც 14 მაისს სოჭში შეხვედრა გამართა რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან.

დღეს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაღაფშმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ფინანსური კრიზისის გამო მიიღო გადაწყვეტილება გუდაუთის ბაზაზე სამხედრო კონტიგენტის შემცირების თაობაზე.

”თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ამ ბაზაზე შეადგენდა 3 800 ადამიანს, ახლა ეს რიცხვი შეადგენს 1 700 სამხედროს,”- განაცხადა მან.

თუმცა ბაღაფშის ეს განცხადება სწრაფად უარყო რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა.

”აფხაზეთში სამხედრო ბაზაზე რუსი სამხედროების რაოდენობა შეადგენს ადრე განსაზღვრულ შტატს. არავითარი ბრძანება პირადი შემადგენლობის შემცირებაზე ჯერ არ შემოსულა,”- განუცხადეს ”ინტერფაქსს” გენშტაბში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button