ახალი ამბები

ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

8 მაისს უშედეგოდ დამთავრდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, რომ იგი ”იმედგაცრუებულია”, თუმცა აღნიშნა, რომ პოზიტიურია თავად შეხვედრის გამართვის ფაქტი. 

”ბუნებრივია, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ  ერთი შეხვედრით მოხერხდება ყველა იმ უთანხმოების და პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც არსებობს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის,”- განაცხადა მან, ”მე იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრები გაგრძელდება და ჩვენ გადავალთ შინაარსობრივ განხილვაზე”.  

მან განაცხადა, რომ შეხვედრის დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააყენეს თავიანთი წინადადებები დემოკრატიულ რეფორმებზე, რომელთა განხორციელებასაც ხელისუფლება გეგმავს, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხზე საუბრის სურვილი არ ჰქონდათ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა ადრე გაცხადებული რეფორმების განხორციელება. კერძოდ, საკონსტიტუციო კომისის შექმნა, რომელიც იმუშავებს პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდაზე პრეზიდენტის ძალაუფლების შემცირების ხარჯზე; ასევე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება; მერის პირდაპირი არჩევნები 2010 წელს; სასამართლოს და თვითმმართველობის რეფორმა. 

ბაქრაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება დღეს აპირებდა ამ საკითხებზე ”სრულმასშტაბიანი მსჯელობის დაწყებას”, თუმცა ”მე გარკვეულწილად მინდა დავაფიქსირო ჩემი იმედგაცრუება, რომ სამწუხაროდ, მეორე მხარის ხედვა იყო განსხვავებული – მათი შეფასებით დღევანდელი შეხვედრა იყო არა შინაარსობრივი დიალოგის დასაწყისი, არამედ სხვა [პრეზიდენტთან] შეხვედრის ტექნიკურად მოსამზადებელი ეტაპი”. 

ოპოზიციის ლიდერებმა ბაქრაძესთან შეხვედრამდე განაცხადეს, რომ მათი მიზანია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესაძლო მოლაპარაკებების ორგანიზება.

”პრეზიდენტი მზად არის შეხვედრისთვის – პრინციპულად ამისთვის პრეზიდენტი მზად არის,”- განაცხადა ბაქრაძემ, ”თუმცა იმისთვის, რომ ეს შეხვედრა იყოს პროდუქტიული, ჩვენ უნდა ვიყოთ მომზადებულები და მეორე მხარე არ უნდა იყოს საკუთარი მომლოდინე მხარდამჭერების მძევალი”. 

იმავდროულად, ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა. რადგან ”პოზიციები იყო განსხვავებული”.

”ჩვენგან იყო წამოყენებული საკითხი, რომ პრეზიდენტთან შედგეს ოპოზიციის ლიდერების უპირობო შეხვედრა. ჩვენი ოპონენტები ამისთვის მზად არ იყვნენ,”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ, ” მათ დააყენეს საკითხი, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით რაზე შეიძლება ოპოზიცია წავიდეს და რაზე არა – ამაზე იყო საუბარი. ვერ შევთანხმდით ჩვენ ამ საკითხზე… ძალიან მნიშვნელოვანია არის ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია, ჩვენი მოსახლეობის პოზიცია”.

მან იქვე გამოთქვა იმედი, რომ ბაქრაძესთან შეხვედრის მეორე რაუნდი შეიძლება შედგეს, თუმცა გამორიცხა მესამე და მეოთხე რაუნდების გამართვის შესაძლებლობა. 

”მე ვიტოვებ იმედს ალბათ მეორე შეხვედრა შედგება, ოღონდ კონკრეტული წინადადებებით უნდა მოვიდეს ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა გამოვრიცხავ მესამე და მეოთხე შეხვედრას,”- განაცხადა მან ”რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში,

”ოპოზიციის მოთხოვნაში არის ერთადერთი მოთხოვნა როგორ წავიდეს სააკაშვილი ხელისუფლებიდან,”- განაგრძო მან, ”არანაირი დამატებითი წინადადებები არ იქნება. ფუჭია ეს ყველაფერი. ჩვენ ველოდებით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დაგვიდასტურებენ ან უარყოფენ პრეზიდენტთან შეხვედრის დროს და ფორმატს”.

მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია იმედოვნებს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა გამოიღებს შედეგს და ხელს შეუწყობს ვითარების განმუხტვას; და ასევე დასძინა, რომ ”დღეს წარმოდგენილი იყვნენ [შეხვედრაზე] ის ადამიანები, რომლებიც ვერ წყვეტენ ქვეყანაში საკითხებს”. 

ხელისუფლების მხრიდან ბაქრაძის გარდა შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, დეპუტატები გიორგი გაბაშვილი, ზურა მელიქიშვილი, გიორგი მელაძე და სასჯელაღსრულების მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

”ჩვენ მზად ვართ სააკაშვილთან მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას,” – განაცხადა რესპუბლიკელების წევრმა თინა ხიდაშელმა შეხვედრის შემდეგ. ”ამის სანაცვლოდ მათ [ხელისუფლებამ] შემოგვთავაზეს იმ საკითხების განხილვა წინასწარ, რომელიც შესაძლოა სააკაშვილთან განხილვის თემა გახდეს; მაგრამ ჩვენ ვითხოვთ უპირობო შეხვედრას უმაღლეს დონეზე”.

შეხვედრას ასევე ეწსრებოდნენ ალიანსი საქართველოსთვის ლიდერის ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი ვიქტორ დოლიძე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კოკა გუნცაძე.

ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეარჩიეს ნინო ბურჯანაძის პარტიის ოფისში 8 მაისს გამართულ შეხვედრაზე.

ეს შეხვედრა და წარმომადგენლების შერჩევა მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა. მან განაცხადა სატელევიზიო გამოსვლაში, რომ იგი მზად არის ნებისმიერ დროს შეხვდეს ოპოზიციას.

ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი მიდიოდნენ ბაქრაძესთან შეხვედრაზე მხოლოდ ერთი დღის წესრიგით, რათა მოემზადებინათ სააკაშვილთან შეხვედრა, კერძოდ კი შეხვედრის ფორმატი, დრო და ადგილი.

იმავდროულად, ოპოზიციის ლიდერებმა კვლავ მოუწოდეს თავიანთ მხარდამჭერებს 9 მაისს ფართომასშტაბიანი აქციის გამართვისკენ აქციების დაწყების ერთი თვის აღსანიშნავად.
 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button