ახალი ამბები

ბაქრაძე: დღეს ოპოზიციასთან შეხვედრა ”აუცილებლად” შედგება

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დღეს საპროტესტო აქციების ორგანიზატორ ოპოზიციურ ძალებთან შეხვედრა აუცილებლად შედგება.
 
”მუშაობა ასეთი შეხვედრის ორგანიზებისთვის უკვე დაწყებულია და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს დღის განმავლობაში  ეს შეხვედრა აუცილებლად შედგება,”- განაცხადა ბაქრაძემ.

გუშინ აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა ძალებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც გამოთქვეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის მზადყოფნა ”ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზების განსახილველად”. ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ შეხვედრა წინაპირობების გარეშე უნდა შედგეს, სადაც ”გაირკვევა რა საკითხებზე შესაძლებელია შეთანხმება, რა საკითხებზე არა”.

”გადაუდებელ აუცილებლობად მიმაჩნია, რაც შეიძლება სწრაფად შედგეს მოლაპარაკებები ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის,” – განაცხადა ალასანიამ 7 მაისს.

”საზოგადოებამ მოისმინა არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერების განცხადებები, მათ შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია ბატონი ირაკლი ალასანიას განცხადება,”- განუცხადა დღეს ბაქრაძემ ”რუსთავი 2”-ს, ”ჩვენ მივესალმებით თუ არსებობს მზადყოფნა, რომ გადავიდეთ რეალური დიალოგის პროცესზე და არა ულტიმატუმების წარდგენაზე, როგორც ამას აქამდე გვთავაზობდნენ”.

მან განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზადყოფნას უპირობო დიალოგისთვის, ”თუ ეს ლიდერები ულტიმატუმის და ქუჩის აქციების ფორმიდან გადავლენ დიალოგის ფორმაზე და ჩვენ ერთად შევეცდებით მოვძებნოთ გამოსავალი ყველა პრობლემური თემიდან”. 

”დღეს, დღევანდელი დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს მე მზად ვარ და უმრავლესობის წარმომადგენლები მზად არიან შევხვდეთ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს იმ მიზნით, რომ დავიწყოთ დიალოგი იმ საერთო თემებზე, რომელიც იმედი მაქვს, რომ ყველას აღელვებს,”- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ”არანაირი შეზღუდვა და წინაპირობა ამ დიალოგს ჩვენი მხრიდან არ ექნება”.

კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა Civil.Ge-ს, რომ ოპოზიცია მოცემულ საკითხზე სავარაუდოდ ერთობლივ განცხადებას გააკეთებს დღეს 15:00 საათზე.

ოპოზიციის ლიდერებმა არ საკითხზე კონსულტაციების დაწყების წინ განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნაა, რომ შეხვედრა შედგეს მიხეილ სააკაშვილთან და არა დავით ბაქრაძესთან, თუმცა ასევე არ გამორიცხეს პარლამენტის თავმჯდომარესთან მცირე ოპოზიციური დელეგაციის შეხვედრაც.

”შეხვედრა ბაქრაძესთან არის სრულიად შესაძლებელი, ოღონდ ეს არ ნიშნავს დიალოგის პროცესის გახსნას მიხეილ სააკაშვილთან,”- განაცხადა ირაკლი მელაშვილმა ეროვნული ფორუმიდან, ”იმიტომ, რომ საკითხები, რომელიც აქვს ოპოზიციას, ამ საკითხების გადაწყვეტის ერთადერთი შესაძლო პერსონა გახლავთ მიხეილ სააკაშვილი და არა დავით ბაქრაძე”.

საქართველოს გზის ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დიალოგის ბაქრაძის მიერ შემოთავაზება ”ცოტა უცნაური, არაადეკვატური და შეიძლება არაკორექტულიც იყოს”.

”ვითხოვთ შეხვედრას იმ ერთ ადამიანთან, რომელსაც აქვს მმართველობის ერთადერთი ბერკეტი, რა შუაშია არის აქ დავით ბაქრაძე?”- განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბიშვილმა.

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნაა ”სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა” და ოპოზიცია არ აპირებს ისეთ თემებზე საუბარს, რაც გამოიწვევს ”დროში გაწელილ პროცესს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button