ახალი ამბები

კიწმარიშვილი საპროტესტო აქციების შესახებ

ეროსი კიწმარიშვილმა, რომელმაც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის მფლობელის რანგში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2003 წლის ვარდების რევოლუციაში, განაცხადა, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციები წარმატებული გამოდგა, თუმცა დადგა დრო, რომ მხარდამჭერებმა ”კონკრეტული შედეგები” დაინახონ.

რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ”მოქნილობა” უნდა გამოიჩინოს და არ უნდა იყოს ”ფიქსირებული” მხოლოდ ერთ მოთხოვნაზე სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით.

”სააკაშვილის, როგორც პიროვნების, გადაყენება თავისთავად მიზანს არ წარმოადგენს, მაგრამ სააკაშვილის სისტემის შეცვლა კი წარმოადგენს მიზანს,” – განაცხადა კიწმარიშვილმა 2 მაისს სტუდია ”მაესტროს” ეთერში საუბრისას, ”ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ ის [ოპოზიცია] ნაბიჯ-ნაბიჯ გამოაცლის იმ ინსტიტუტებს, რომელზეც სააკაშვილის სისტემა დგას; მათ შორისაა მედიაც”.

”ახლა ხელისუფლების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვით სააკაშვილის რეიტინგი დაახლოებით 30%-ს შეადგენს და ეს იმ ვითარებაში, როდესაც ის [სააკაშვილი] აკონტროლებს ყველა სახელმწიფო ტელეკომპანიას. თავისუფალი მედიის პირობებში მისი რეიტინგი ორი ან სამი პროცენტი იქნებოდა,” – განაცხადა კიწმარიშვილმა, რომელიც სააკაშვილის ადმინისტრაციას აგვისტოს ომის შემდეგ დაუპირისპირდა.

მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ”სამარცხვინო ნაბიჯი” ან ”კაპიტულაცია”.

თუმცა, მან ასევე გააფრთხილა, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგი, რომელიც ასევე ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებს ”ხაფანგია”, რომლის შესახებაც ოპოზიციამ უნდა იცოდეს.

კიწმარიშვილის ვარაუდით, ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება, ისიც კი, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების მნიშვნელოვან შეზღუდვას ითვალისწინებს, ვერ შეცვლის არსებულ სისტემას, თუ ამას არ მოყვება მედია-გარემოს შეცვლა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button